სოცმედია
    2026-04-17 | 12:47

    ერთხელ ვთქვი პარლამენტში, ჩვენ ქვეყანაში სულ სამი იდეოლოგიის პარტიაა: მედასავლეთეები, რუსეთუმეები და გირჩი- მეთქი - ნატო ჩხეიძე

    ერთხელ ვთქვი პარლამენტში, ჩვენ ქვეყანაში სულ სამი იდეოლოგიის პარტიაა: მედასავლეთეები, რუსეთუმეები და გირჩი- მეთქი - ნატო ჩხეიძე

     ყოფილი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:

    „გირჩელი პოლიტიკოსი ალექსანდრე რაქვიაშვილი ურჩევს ნიკა ობოლაძეს, - ან პარტია დააარსე, ან რომელიმე პარტიაში გაერთიანდი და ან შეეშვი ამ ბიზნესსო.

    გირჩები იმითაც გამოირჩევიან ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში, რომ თამამად ამბობენ, ჩვენთვის პოლიტიკა ბიზნესიაო.

    ერთი მხრივ, ეს თავდაცვითი რეაქციაცაა, როცა უკიჟინებენ ხოლმე, მმართველ პარტიას გაურიგდიო, გირჩები არც აციებენ და არც აცხელებენ, ამბობენ, ჩვენი ინტერესი რომ გაგვეტანა, აბა მაშ როგორო.

    მათი ინტერესი პოპულისტური მესიჯების ამოქმედებაა, რაც როგორც თვითონვე აღიარებენ, ბიზნესის კეთებაში უწყობთ ხელს.

    გირჩებს ამომრჩეველთა დაახლოებით 2% აძლევს ხმა.

    არ ვიცი, მათ აღიარებას აფასებენ, არ გვატყუებენ მაინცო, თუ არ ვიცი, მათი პოპულისტური განცხადებებით იხიბლებიან.

    ფაქტია, თავისი ამომრჩეველი ჰყავთ.

    ფაქტია, მათთვის პოლიტიკა ბიზნესია და სულაც არ აბეზრებენ თავს მოსახლეობას და არ ცდილობენ მათ დარწმუნებას, რომ ქვეყნისთვის ვზრუნავთო, თავს ვწირავთო, ცოლ/შვილი მიტოვებული გვყავს და თქვენზე და თქვენს შვილებზე ვფიქრობთო.

    გირჩებს აწყობილი აქვთ ბიზნესი და ზრუნავენ განვითარებაზე.

    ერთხელ ვთქვი პარლამენტში, - ჩვენ ქვეყანაში სულ სამი იდეოლოგიის პარტიაა, მედასავლეთეები, რუსეთუმეები და გირჩი- მეთქი.

    ბიზნესს არ ვგულისხმობდი იდეოლოგიაში:))

    მესიჯებს ვგულისხმობდი,

    პოპულისტურია თუ რა არის, პოლიტიკური მესიჯებია და ამასობაში თავიანთი ნიშა კი შემოხაზეს.

    ასე არ სჯობს?

    გარკვეულია ყველაფერი.

    ბუნდოვანება არ არის.

    ნისლის გადასაყრელად კითხვები არ ისმევა.

    არაფერს განსაკუთრებულს არ ელი და რასაც გპირდება, მაქსიმალური ძალისხმევით გააკეთებს ,- ბიზნესია და არ უნდა ჩაუვარდეს, - ამომრჩევლისთვისაც სასარგებლო იქნება და გირჩისთვისაც მომგებიანი.

    ჰოდა, ურჩევს უპარტიო პოლიტიკოსს, ან პარტია გააკეთე, ან სხვის პარტიაში შედი, ან შეეშვი მაგ ბიზნესსო.

    კონკურენციის არ ეშინია. “ დაპატენტებული” აქვს პოლიტიკური დაპირებები, და თანაც იცის, რომ ბიზნესი კონკურენციაა.

    მიდი და აჯობე.

    პოლიტიკა ხომ იმისთანა რამაა, სადაც ან მატერიალური სარგებელი უნდა ნახო და ან ზნეობრივი.

    ანუ ან პრაგმატიკოსი უნდა იყო, ან ფანატიკოსი.

    გირჩი პრაგმატულია.

    ხალხი ფანატიკოსს ეძებს.

    ჯერ ვერ პოულობს.

    არსებულს აღარ ენდობა.

    ახლის გამორჩევა ძნელდება.

    კი ცდილობს, იპოვოს და

    ამოატრიალოს ეს დროება.

    ამოატრიალებს და ცოტას ამოისუნთქავს.

    ის ციტა ამოსუნთქვაც ასე თუ ისე ყოფნის ქვეყანას.

    ამოისუნთქავს მანამ, სანამ, უკეთეს შემთხვევაში, პრაგმატიკოსები და უარეს შემთხვევაში ავაზაკნი წამოსხდებიან და ბიზნესის კეთებას მიჰყოფენ ხელს.

    და მერეც, ახლანდელით, გირჩელი პოლიტიკოსიც ადვილად გასცემს უფასო რჩევას: ან ესეო, ან ისეო და ან შეეშვი მაგ ბიზნესსო“.