პოლიტიკა
    2026-04-23 | 06:12

    მოვა დრო და ძალოვანი უწყებები იტყვიან, რას გეგმავდა ოპოზიცია იგორ ბლაჟევიჩთან ერთად - მამუკა მდინარაძე

    მოვა დრო და ძალოვანი უწყებები იტყვიან, რას გეგმავდა ოპოზიცია იგორ ბლაჟევიჩთან ერთად - მამუკა მდინარაძე

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ.

    მდინარაძის განმარტებით, ჩეხეთში მისი ვიზიტი იგორ ბლაჟევიჩს არ უკავშირდებოდა.

    „გამახსენდა ერთი ე.წ. ნიუსი: „ჯერჯერობით უცნობია და ვარკვევთ, უკავშირდებოდა თუ არა მდინარაძის ჩეხეთში ვიზიტი ჩეხეთში ბლაჟევიჩს“. ახლა უკვე შემიძლია, გაგცეთ პასუხი: არა, არ უკავშირდებოდა. ეს იყო კვირებით ადრე დაგეგმილი ვიზიტი, გეგმური სამუშაო ვიზიტი. ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების უფროსებთან. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან საერთოდ ამ თემას არ შევხებივართ, არ იყო მათი თემა. მეორე შემთხვევაში შევეხეთ. მეტს აღარ გავაგრძელებ, თუმცა რაღაც ჩაჭიდებული საუბარი ამასთან დაკავშირებით არ გვქონია.

    რაც შეეხება ბლაჟევიჩს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი შემდეგი წინადადება ბევრ ადამიანს არ მოეწონება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით. ამიტომ როდესაც ოპოზიცია თამამად საუბრობს, რომ არანაირი ბლაჟევიჩი, არანაირი დავალება, არანაირი ტრენინგი, არანაირი მისი კომუნიკაცია საქართველოში ვიღაც-ვიღაცებთან არ არსებობს, ამის საპირისპიროდ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაკეთებული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა, კონკრეტული ადამიანები არსებობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    მისივე თქმით, მოვა დრო და ძალოვანი უწყებები იტყვიან, რას გეგმავდა ოპოზიცია იგორ ბლაჟევიჩთან ერთად.

    „მოვა დრო და ვილაპარკებთ იმაზეც, რას გეგმავდნენ, რა მიზანი აქვთ, რა ვერ ქნეს და რა ქნეს. შეიძლება, ვიღაცას ისიც კი მოეჩვენოს, რომ ნაადრევი იყო ჩემგან ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ ოპოზიცია უკვე ძალიან გაფრთხილდა მას შემდეგ, რაც ტელევიზიით გაჟონა ამ ინფორმაციამ.

    როგორც კი შიგნით ფული ვერ შემოდის, დღეს უკვე დისტანციური ტრენინგები და დავალებები გადაწყვიტეს. აქაც ჩვენ შიდა უწყებრივად, საბედნიეროდ, გავძლიერდით სამართალდამცველები ისე, რომ „ჩავმჯდარიყავით“ იქ, სადაც მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ. მე რომ ძალიან თამამი ვარ ამ განცხადებისას, ეს იმის ბრალია, რომ ყველა ნორმის განუხრელი დაცვით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კეთილი ინებონ, ამასაც დაანებონ თავი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    მსგავსი სტატიები