ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს როცა ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია … ბატონი ელჩი, სამწუხაროდ, არის ტრაგიკულ მდგომარეობაში - ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს როცა ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის ელჩი არის ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
„ამ განცხადების შეფასებაც კი რთულია ჩემთვის. ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს როცა ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. შეუძლებელია ამის შეფასება. მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ბატონი ელჩი, სამწუხაროდ, არის ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს თავისთავად მეტყველებს მის მძიმე მდგომარეობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.