დღეს ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკავშირს „სტრატეგიულ სიბრმავეში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ევროპას თურქეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა.
„ევროკავშირი თურქეთის, როგორც სრულფასოვანი წევრის გარეშე, ვერ იქცევა გლობალურ აქტორად და მიმზიდველ ცენტრად. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომლის მნიშვნელობასაც მხოლოდ საჭიროების დროს იხსენებენ. დღეს ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა და ხვალ ეს საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა მოუწოდა ევროკავშირს, დააფასოს თურქეთის როლი.
„ევროკავშირმა სრულად უნდა შეაფასოს თურქეთის კონსტრუქციული მიდგომა და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და რიტორიკისგან, რომელიც ამას დააზიანებს. ახალი გლობალური წესრიგი ყალიბდება, იზრდება რეგიონული თანამშრომლობა, ჩნდებიან ახალი მოთამაშეები და სისტემა სწრაფად მოძრაობს მრავალპოლარულობისკენ. თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატია, რომ ამ ახალ სისტემაში ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცეს. ევროპა გზაგასაყარზე დგას: ან გამოიყენებს თურქეთის მზარდ ძალასა და გლობალურ წონას, ან მის მომავალს ეს რიტორიკა დააზიანებს“, – განაცხადა ერდოღანმა.