პოლიტიკა
    2026-06-29 | 12:27

    მოვითხოვთ სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას მომხდარ დანაშაულზე და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას - „გახარია საქართველოსთვის“

    მოვითხოვთ სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას მომხდარ დანაშაულზე და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას - „გახარია საქართველოსთვის“

    „ოცნების“ დეპუტატების მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაული, კერძოდ წინასწარ ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა დეპუტატებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ვერანაირი ფარისევლური ბოდიში, ამას ვერ უშველის, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    „26 ივნისს, საქართველოს პარლამენტში ადგილი ჰქონდა „ოცნების“ დეპუტატების მიერ წინასწარ ორგანიზებულ, ჯგუფურ დანაშაულს, რაც კონსტიტუციურ ორგანოში პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის თანდასწრებით განხორციელდა. მიუხედავად ამისა, უკვე 3 დღეა გასული, რაც სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულებრივად სდუმან.

    გვინდა მათ შევახსენოთ, „ოცნების“ დეპუტატების მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაული, კერძოდ წინასწარ ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა დეპუტატებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ვერანაირი ფარისევლური ბოდიში, ამას ვერ უშველის, რაც მხოლოდ საზოგადოების რეაქციის გამო მოიხადეს და არა იმიტომ, რომ ნანობენ ჩადენილ დანაშაულს.

    როდესაც ახალგაზრდები, ციხეში წლობით სხედან მტკიცებულებების გარეშე, გამოგონილი ბრალდებებით, მზია ამაღლობელს მხოლოდ სილის გაწვნისთვის 2 წელი მიესაჯა, 4 შვილის დედა ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერისთვის, ამ პირობებში ეს ჩვენთვის არამხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი, არამედ მორალური ვალდებულებაცაა, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, „ოცნების“ ძალადობის თითოეული მსხვერპლისთვის, რადგან არავინ იცის, ეს მოძალადეები მომავალში რა დანაშაულს დააორგანიზებენ, წააქეზებენ ან ჩაიდენენ.

    დღეს „ოცნებას“ კრიტიკა აკრძალული და ნებისმიერი განსხვავებული აზრი სანქცირებული აქვს - ქუჩაში, სოციალურ ქსელებში, ახლა უკვე პარლამენტში ძალადობით ცდილობს იმავეს. „ოცნებამ“ შექმნა რეალობა, სადაც მოქალაქეთა უმრავლესობას საკუთარი აზრის გამოხატვა ციხეში მოხვედრის ან ფიზიკური თავდასხმების ფასად უჯდება, სადაც ქალს საკუთარი ღირსების დაცვისთვის წლობით პატიმრობაში უშვებენ, „ოცნებასთან“ დაახლოებულ პირებს კი ნებისმიერ მძიმე უკანონობაზე დაუსჯელობის გარანტია აქვთ და რაც არ უნდა ჩაიდინონ, „ოცნებისგან“ მიღებული პრივილეგიების გამო, ყველაფერი ეპატიებათ. ეს სიტუაცია ქვეყანაში უაღრესად საშიშ გარემოს ქმნის.

    ძალადობა ბავშვების, ქალების, ახალგაზრდების, მოქალაქეების წინააღმდეგ, ძალადობა ქუჩებში, დაკავების მანქანებში, პოლიციის განყოფილებებში, ყველგან იქ, სადაც ვიდეოკამერები არ არსებობს და ახლა უკვე პარლამენტში, საჯაროდ, კამერების წინ, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, პირდაპირ აჩვენებს „ოცნების“ მიერ ორგანიზებული ძალადობის სისტემურობას.

    მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მასმედიაში გამოქვეყნებული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, გამოძიების დაწყების პირდაპირი საფუძველია, თუმცა ამ დრომდე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს.

    კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას მომხდარ დანაშაულზე და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

    ფაქტი ერთია, რომ ფასებთან, ნარკომანიასთან, კორუფციასთან, ოკუპაციასთან და საერთაშორისო პოლიტიკაში დამარცხებულ ოცნებას აღარ დარჩა არანაირი ინტელექტუალური რესურსი, არგუმენტები და კომპეტენცია, რომ სიმართლეს ძალადობისა და მოქალაქეების ციხეში გამოკეტვის გარეშე დაუპირისპირდეს.

     ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ყველა იმ უსამართლოდ ჩაგრული ადამიანის სახელით, რომელიც დღეს განსხვავებული აზრის გამო ან ციხეშია, ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ყველამ ვიცით, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც კი, ეს საქმე თაროზე შემოიდება, მაგრამ მოვა დრო, რომ ყველა მოძალადეს გარდაუვალად მოუწევს სისხლის სამართლებრივი პასუხისგება,“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

    ცნობისთვის, 26 ივნისს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

     

    მსგავსი სტატიები