გრიგოლ გეგელია ხელისუფლებას პნევმატიკური შავი ჭირის გავრცელების ფონზე პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია რუსეთის ფედერაციაში პნევმატიკური შავი ჭირის გავრცელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას პრევენციული ზომების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისკენ მოუწოდებს.
გეგელიას განცხადებით, რუსეთის მოსაზღვრე რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის ყირგიზეთმა, უზბეკეთმა, მონღოლეთმა და ყაზახეთმა, გაზრდილი ეპიდემიური რისკის ფონზე საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა და გამშვებ პუნქტებზე სანიტარულ-საკარანტინო ღონისძიებები გაატარა.
„ასე იქცევა ფხიზელი და გონიერი ხელისუფლება, ვიდრე არ მოხდება სიტუაციის გამორკვევა და არ დადგინდება, თუ რა მასშტაბის პოტენციურ რისკთან შეიძლება გვქონდეს შეხება. ორმაგად კი იმ ფონზე, როდესაც მეორე მხარეს არის დიქტატურა. რუსეთის მმართველი რეჟიმი და ზოგადად ავტორიტარული რეჟიმები მუდმივად მალავენ რეალურ სურათს და არსებობს საფრთხე, რომ ვითარება ბევრად მძიმეა, ვიდრე ეს საჯაროდ არის ცნობილი“, - განაცხადა გეგელიამ.
მისი თქმით, გაურკვეველია, რა ზომებს იღებს საქართველოს ხელისუფლება შესაძლო ეპიდემიური რისკების პრევენციისთვის.
„ამ ფონზე, გაურკვეველია, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო. რამდენადაც მნიშვნელოვანია, რომ ადგილი არ ჰქონდეს მოჭარბებულ საზოგადოებრივ მღელვარებას, ამდენადვე საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს პასუხს იმაზე, თუ რა ზომებს იღებს დღეს ხელისუფლება“, - განაცხადა მან.
გეგელია ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მოუწოდებს, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
„მოვუწოდებთ ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს, დაუყოვნებლივ ჩააბაროს საქართველოს მოსახლეობას ანგარიში, თუ რა პრევენციული ზომების გატარებას აპირებს ხელისუფლება მოსახლეობის ჯანდაცვის და უსაფრთხოების დასაცავად! იმოქმედეთ, განმარტეთ, ახსენით! ჯანმრთელობა და მშვიდობა საქართველოს!“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.