სოცმედია
    2026-06-30 | 12:47

    რადგან დახურულია სხდომები და მედიასაც არ უშვებენ, დავწერ ხოლმე მოკლედ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

    რადგან დახურულია სხდომები და მედიასაც არ უშვებენ, დავწერ ხოლმე მოკლედ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

    ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში  წერს:

    "რადგან დახურულია სხდომები და მედიასაც არ უშვებენ, დავწერ ხოლმე მოკლედ.

    მოწმე, ვინმე ნიკოლოზ კოპაძე, პოლიციის თანამშრომელი

    ხელს გვადებს მე, ლაკას და ვაშაძეს, თითქოს დაგვინახა და გაიგონა როგორ მოვუწოდებდით ხალხს - მივაწვეთ, გავარღვიოთ, არ გავჩერდეთ, ავიღოთ პარლამენტის შენობა (ზუსტად სიტყვები არ მახსოვსო)

    საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან მიახლოებულ რაიმეს ვიძახით ან ჟესტიკულაციით ვაკეთებთ

    ვინმე კოპაძე ჰყვება რომ დაინახა როგორ ჩავდიოდით ამ დანაშაულს, მაგრამ არ იცის რატომ არ დაწერა ამაზე პატაკი (5 თვის მერე მოჰყვა, პროკურატურაში როცა დაიბარეს)

    იგივე კოპაძემ არ იცის რატომ არ მოითხოვა იმავე ან მეორე დღეს კამერების ჩანაწერების ამოღება (ქუჩის, სამკერდე, სხვა), სადაც დაფიქსირებული იქნებოდა ჩვენი ეს ქმედება

    იგივე კოპაძემ დამიდასტურა რომ მეც წინა რიგში ვიდექი და ამიტომ გაიგონა რას ვიძახდი, მაგრამ ვერ ხსნის როგორ გადავურჩი წყლის ჭავლით გაწუწვას 28-ში (სხვა დღეებში გავიწუწე ორჯერ), როცა თვითონ მოჰყვა რომ რამდენჯერმე მოგვიშვეს ჭავლი

    არ ახსოვს რა მეცვა, ზუსტად სად ვიდექი, ვინ იდგა ჩემთან ერთად, ლაკა და/ან ვაშაძე ჩემთან ერთად იყვნენ თუ არა

    სხვა არაფერი არ ახსოვს

    თუმცა ახსოვს რომ ვიდეოჩანაწერშიც მნახა როგორ ვაკეთებდი პარლამენტის აღების მოწოდებებს. ვიდეოში, რომელიც პროკურატურაში აჩვენეს და საქმეში დევს

    ოღონდ ეგეთი ვიდეო ბუნებაში არ არსებობს, არათუ საქმეში. Tricky კითხვაზე წამოეგო".

    ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

    ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

    მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.