სოცმედია
    2026-10-07 | 11:13

    როცა გვთავაზობენ ფორმულას - „საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას“, პასუხად სრულიად ლეგიტიმური კითხვებია: ვისი ღირსება? როგორი მშვიდობა? და რა ფასად? - გოჩა მირცხულავა

    როცა გვთავაზობენ ფორმულას - „საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას“, პასუხად სრულიად ლეგიტიმური კითხვებია: ვისი ღირსება? როგორი მშვიდობა? და რა ფასად? - გოჩა მირცხულავა

    ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:

    „ისევ გვეუბნებიან - „საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!“ კარგი. და ვინც ამბობს - "დასტურ, ასეა", ან ეთანხმება ქართული ოცნების ამ ლოზუგს, იქნებ აგვიხსნას ბოლოს და ბოლოს კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს „ღირსება“? იმაში, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების დიდი ნაწილი სიღარიბეს ებრძვის? რომ ათასობით ოჯახისთვის ყოველდღიური პრობლემა შემოსავალი, მკურნალობის ფული, წამლის ყიდვა და საკუთარი შვილების მომავლის უზრუნველყოფაა? რომ ადამიანები ქვეყნიდან მიდიან და საკუთარ მომავალს სხვაგან ეძებენ? ეს არის ღირსება?

    თუ ღირსება ისაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს ევროპაზე ელაპარაკებიან როგორც რაღაც საშიშ, დამამცირებელ და „მორჩილების მომთხოვნ“ სივრცეზე, მაშინ როცა თავად და მათი გარემოცვის წარმომადგენლები სწორედ იმ ევროპაში სწავლობენ, მკურნალობენ, ისვენებენ, შოპინგობენ, ყიდულობენ უძრავ ქონებას და სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რომელთა მიმართაც საკუთარ ამომრჩეველს ეჭვისა და უნდობლობის გაჩენას სთავაზობენ?

    და „მშვიდობა“? რამდენი წელია ევროპის უდიდეს ნაწილს ომი საკუთარ ტერიტორიაზე არ უნახავს? ალბანეთსა და მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვინ სთხოვს ომში ჩართვას? მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის სანაცვლოდ ვინ სთხოვა ომში შესვლა?

    და მთავარი კითხვა: სად არის ბოლოს და ბოლოს "ის" მტკიცებულება, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სანაცვლოდ ომში ჩართვას სთხოვდნენ? თუ ასეთი მოთხოვნა არსებობდა, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს ვინ მოითხოვა, როდის მოითხოვა, რა ფორმით და სად არის ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში „ომი თუ მშვიდობა“ არჩევანი კი არა, პოლიტიკური ლოზუნგია.

    მშვიდობა მხოლოდ ის არ არის, რომ ქვეყანაში ტანკები არ დადიან. მშვიდობაა, როდესაც მოქალაქეს პოლიციის არ ეშინია. როდესაც პატიმრის უფლებები დაცულია. როდესაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანი ძალადობის ან დევნის მოლოდინში არ ცხოვრობს. როდესაც ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის გამო საფრთხე არ ემუქრება. როდესაც მოქალაქე სასამართლოს ენდობა და სახელმწიფო მას მტრად არ აღიქვამს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებას აკრიტიკებს. ამიტომ, როცა გვთავაზობენ ფორმულას - „საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას“, პასუხად სრულიად ლეგიტიმური კითხვებია: ვისი ღირსება? როგორი მშვიდობა? და რა ფასად?

    ღირსება მოქალაქის ღირსებიდან იწყება და არა ხელისუფლების ლოზუნგიდან. ხოლო მშვიდობა მხოლოდ ომის არქონა არ არის. მშვიდობაა ქვეყანა, სადაც ადამიანს სახელმწიფოსიც არ ეშინია.

    უბედურებაა, რომ ამ ღირსებას და ამ მშვიდობას რეალური ადამიანებუ უჭერენ მხარს და სახელმწიფოს ულახავენ ღირსბასაც და მშვიდობის მიმართ მოწყვლადს ხდეიან. ვინც ამ ლოზუგს ამფიალებს იმათ რომ არ სჯერათ მისი ესეც ცხადია.

    ნეტავ ღირსების განმარტებაც იცოდეს ბევრმა... ან ჰქონდეს...“