სოცმედია
    2026-07-02 | 10:32

    ქვეყნები მაშინ იწყებენ წინსვლას, როდესაც მტერზე კი აღარ ფიქრობენ, არამედ გამარჯვების შინაარსზე - გოჩა მირცხულავა

    ქვეყნები მაშინ იწყებენ წინსვლას, როდესაც მტერზე კი აღარ ფიქრობენ, არამედ გამარჯვების შინაარსზე - გოჩა მირცხულავა

    ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:

    „„როგორ დავამარცხოთ?“ - არასწორად დასმული კითხვაა.

    სწორი კითხვაა: „როგორ გავიმარჯვოთ?“

    დამარცხება თავიდანვე გულისხმობს მოწინააღმდეგეზე კონცენტრირებას. მასში შეიძლება იყოს შურისძიება, რევანში, ანგარიშსწორება და ზოგჯერ იმაზე მეტი სისასტიკეც კი, ვიდრე იმას ჰქონდა, ვისაც ამარცხებ.

    გამარჯვება კი სრულიად სხვა პარადიგმაა. ის ნიშნავს სამართლიანობას, განვითარებას, სახელმწიფოს შენებას. გამარჯვებაში მთავარი მიზანი აღარ არის მოწინააღმდეგის განადგურება — მთავარი არის უკეთესი მომავლის შექმნა. იქ პერსონალური შურისძიებისთვის არც დრო რჩება და არც ადგილი.

    შემთხვევითი არ არის, რომ „ქართული ოცნების“ სპიკერები წლების განმავლობაში იმეორებდნენ: „2012 წელს ჩვენ დავამარცხეთ სააკაშვილი“, „დავამარცხეთ ენმ.“ მათი პოლიტიკური ცნობიერების ცენტრში გამარჯვება კი არა, მოწინააღმდეგის დამარცხება აღმოჩნდა. სწორედ ამ ლოგიკამ წარმოშვა მუდმივი ბრძოლა, მტრის ძიება და, საბოლოოდ, ის მდგომარეობა, რომელსაც ავტორიტარული მმართველობა ჰქვია.

    ამიტომ, თუ საქართველოში ოდესმე რეალური პოლიტიკური ცვლილება მოხდება, მისი ამოსავალი წერტილი ერთი სიტყვა უნდა იყოს:

    არა - „დავამარცხებთ“.

    არამედ - „გავიმარჯვებთ“.

    რადგან ქვეყნები მაშინ იწყებენ წინსვლას, როდესაც მტერზე კი აღარ ფიქრობენ, არამედ გამარჯვების შინაარსზე“.

    მსგავსი სტატიები