პოლიტიკა
    2026-07-07 | 12:13

    ანაკლიის პორტი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტად უნდა იქცეს - გრიგოლ გეგელია

    ანაკლიის პორტი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტად უნდა იქცეს - გრიგოლ გეგელია

    „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ხელისუფლებას მორიგი დაპირებების ნაცვლად ქვეყნისთვის ახალი სტრატეგიული ხედვის წარმოდგენა მართებს, რომელიც ეროვნულ გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას უპასუხებს.

    მისი თქმით, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ინიციატივით გამოდის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი.

    „ჩვენი წინადადებაა, სამი ქვეყნის მონაწილეობით შეიქმნას ერთობლივი „კავკასიური კონსორციუმი“, ხოლო პორტის მართვა გადაეცეს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ოპერატორს. ამავდროულად, ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა ღია უნდა იყოს ამერიკული, ევროპული და ყველა იმ საერთაშორისო პარტნიორისთვის, რომელიც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და მზად არის, მონაწილეობა მიიღოს რეგიონის მშვიდობიან განვითარებაში“, – განაცხადა გეგელიამ.

    მისივე შეფასებით, ეს მოდელი წარმოადგენს „მშვიდობის ეკონომიკის“ კონცეფციას, რომელიც რეგიონში თანამშრომლობას საერთო ეკონომიკურ ინტერესებზე დააფუძნებს და საქართველოს დასავლეთის სტრატეგიულ ეკონომიკურ რუკაზე დააბრუნებს.

    გეგელიას განცხადებით, ანაკლია მხოლოდ საპორტო პროექტი არ არის, არამედ ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც კავკასიის მთავარი ეკონომიკური კარიბჭე და რეგიონული მშვიდობის საფუძველი უნდა გახდეს.

    ამასთან, მან აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ათი წელი ჰქონდა, რათა ანაკლიის პროექტი განეხორციელებინა, თუმცა, მისი თქმით, ქვეყანას დღეს „დიდი ეროვნული სტრატეგია“ სჭირდება და არა ახალი დაპირებები.

    ცნობისთვის: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდეს, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ, ხოლო საერთაშორისო კომპანიები მხოლოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში ჩაერთვებიან.