საქართველოში სიღარიბე მხოლოდ პოლიტიკური ჩარჩების დამსახურებაა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - სოფიო ხორგუანი
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები სიღარიბის, სოციალური პრობლემებისა და ქვეყანაში არსებული უთანასწორობის გამო გააკრიტიკა.
მისი განცხადებით, ხელისუფლება სახელმწიფო რესურსებს საკუთარი ძალაუფლებისა და ბიზნესინტერესების გასაძლიერებლად იყენებს და არა მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.
„სახელმწიფო თქვენთვის ქერის ორმოა, საიდანაც თქვენ ვერ ხედავთ სიღარიბეს, რომელიც ყოველ ნაბიჯზე უსაფრდება მოქალაქეებს. სიღარიბეს, რომელიც გაიძულებს, თვითგადარჩენისთვის სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო კუსტარული გამათბობლებით, დათანხმდე საშიშ სამუშაოს ან დატოვო სამშობლო. გაძვირებული ტარიფით, საკვებით, ცხოვრება იქცა ტკივილად, რომლის წამალსაც ვერ ყიდულობ. წამალსაც ოქროს ფასი აქვს.
ოქრო კი, ისევე, როგორც მიწა, ტყე, მდინარე, რომელიც საქართველოს ხალხს ეკუთვნის, მიტაცებული გაქვთ! ჩვენი სამშობლო, სამოთხესავით რომ გვერგო, თქვენთვის მხოლოდ საჯილდაო ქვა და სარფიანი აღებ-მიცემობის ადგილია! - განაცხადა ხორგუანმა.
მისი შეფასებით, ქვეყანაში სიღარიბეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ხოლო ეკონომიკური ჩამორჩენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით.
„საქართველოში სიღარიბე მხოლოდ პოლიტიკური ჩარჩების დამსახურებაა. თქვენს კისერზეა საქართველოს სიღარიბე. ევროპაზე ჭორაობთ, მაგრამ იგივე პოსტსაბჭოთა პოლონეთში, ჩეხეთში, ბალტიისპირეთში ცხოვრების ხარისხი იმდენად უკეთესია, რომ იქ მუშებად მივდივართ. არადა, სტარტი თანაბარი გვქონდა. რომ არ მოგეპარათ, ხალხზე რომ გეფიქრათ, სახელმწიფო რომ გეშენებინათ, თქვენი საბანკო ანგარიშების ნაცვლად, სამშობლო რომ გყვარებოდათ!
დღეს ციფრებით და მანიპულაციებით ვითომ შეამცირეთ გაჭირვებულთა რიცხვი, წაართვით სოციალური დაცვა, ის მინიმუმი, რაც დროებით გაიმეტეთ, მხოლოდ თქვენი ძალაუფლების გასამტკიცებლად!
რატომ ებღაუჭებით ძალაუფლებას?! ხალხზე ზრუნვა თქვენ არ გაღელვებთ. მხოლოდ საკუთარი ბიზნესები. მხოლოდ შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად გამდიდრდეთ საქართველოს ხარჯზე. თქვენს მიერ ხელმოწერილი კანონპროექტები, სარჩელები, კანონები, გადაწყვეტილებები, თქვენს მიერ დაგეგმილი ბიუჯეტი არ ემსახურება ხალხს და სამართლიან სახელმწიფოს“,- მიმართა დეპუტატმა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს.
დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლება ასეულობით მილიონი ლარით ზრდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თვალთვალისა და მიყურადების შესაძლებლობებს, მაშინ როდესაც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად სათანადო რესურსებს არ გამოუყოფს.
„ეს დასტურია, რომ თქვენ მხოლოდ თქვენი ძალაუფლების უსაფრთხოება გადარდებთ და არა ხალხის უსაფრთხოება. სწორედ ეს არის თქვენი განაჩენი - მმართველების, რომლებმაც ხალხი დაივიწყეთ. მაგრამ სიმართლე ის კატეგორიაა, რომელიც იმის მიუხედავად არსებობს, გაიგონებთ, დაინახავთ, აღიარებთ თუ არა. ჩვენი აკრძალვით სიმართლე ვერ აიკრძალება“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.