კონფლიქტის ზონა
    2026-07-09 | 11:21

    აფხაზეთის „ეკონომიკური ანექსია“ და “სუვერენიტეტის” საფრთხეები - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

    აფხაზეთის „ეკონომიკური ანექსია“ და “სუვერენიტეტის” საფრთხეები - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აფასებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს, აფხაზეთში ვიზიტს და აცხადებს, რომ ის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ეკონომიკური ანექსიისა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე კონტროლის გაძლიერების პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.

    ორგანიზაციის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში კირიენკო აფხაზეთში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს – პორტებს, სანაპიროებსა და საწარმოებს – ათვალიერებს, ასევე განიხილება რუსეთის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის საკითხები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მოსკოვის პირდაპირ ჩართულობაზე რეგიონის ეკონომიკურ მართვაში.

    DRI-ის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკური ანექსიის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან კანონმდებლობის „ჰარმონიზაციის“ მოთხოვნა, რაც პრაქტიკაში აფხაზური ბაზრის რუსული მსხვილი კაპიტალისთვის სრულად გახსნას გულისხმობს.

    ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ე.წ. აპარტამენტების კანონზეც, რომლის მიღებასაც, მათი შეფასებით, მოსკოვი აქტიურად ლობირებს. DRI-ის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონებისა და მიწის შეძენის შესაძლებლობას მისცემს, რასაც ადგილობრივი საზოგადოების ნაწილის პროტესტი ახლავს, რადგან ისინი ამას რეგიონში რუსული ეკონომიკური გავლენის კიდევ უფრო გაძლიერების საფრთხედ აღიქვამენ.

    პრესრელიზის თანახმად, კირიენკოსა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, ბადრა გუნბას შეხვედრაზე განხილული იყო სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის, შეღავათიანი დაკრედიტების საინვესტიციო პროგრამები და „ამეფ-2026“-ის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებების შესრულება. ასევე საუბარი შეეხო ტურისტული სეზონის დაწყებასა და ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს.

    DRI ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ეკონომიკური თუ საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით ფორმდება, არალეგიტიმურია და საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

    ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ვიზიტები და ეკონომიკური ფორუმები, მათ შორის „ამეფ-2026“, ემსახურება რუსეთის მიერ ოკუპაციის „ნორმალიზების“ მცდელობას და აფხაზეთის ეკონომიკის რუსეთის ბაზარზე სრულ დამოკიდებულებაში მოქცევას.

    პრესრელიზში ასევე საუბარია სტრატეგიული ინფრასტრუქტურის კონტროლის საკითხზე. DRI-ის განცხადებით, ინვესტიციების საბაბით კრემლი ცდილობს სოხუმის აეროპორტზე კონტროლის დამყარებას, რომლის რეკონსტრუქცია და რუსული მენეჯმენტის ქვეშ ფუნქციონირება, ორგანიზაციის შეფასებით, რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო ინტეგრაციას ემსახურება.

    ამასთან, ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჩამჩირის პორტზე და აცხადებს, რომ ეკონომიკური პროექტების პარალელურად რუსეთი იქ სამხედრო ინფრასტრუქტურას ავითარებს შავი ზღვის ფლოტისთვის, რაც, DRI-ის შეფასებით, საფრთხეს უქმნის საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას.

    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, ე.წ. საინვესტიციო პროგრამების განხორციელების სახელით ორგანიზებული ვიზიტები ადასტურებს მოსკოვის მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის სრული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ანექსიისკენ არის მიმართული.