სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ მარანში ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სეს-ის ცნობით, მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი რეგისტრაციამდე.
„ფიზიკური პირი ნ.თ. ( მისამართი: აბაშა, სოფ. მარანი) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა ხორცის და ხორცპროდუქტების (კუპატი) წარმოება-რეალიზაციას, მათ შორის, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით.
შემოწმებისას გამოვლინდა სხვა კრიტიკული შეუსაბამობები და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.