თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება – პლატონ კალმახელიძე
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, თელავში, სტიქიური მოვლენის ეპიცენტრში, ძირითადი ნატანი მასა უკვე გატანილია და ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
მისივე ინფორმაციით, თელვისხევის სათავე ნაგებობაზე, ასევე სოფლების – გულგულისა და ვარდისუბნის მიმართულებით, ეწყობა ნაპირდამცავი გაბიონები, რათა დაახლოებით 2-კილომეტრიან კრიტიკულ მონაკვეთზე მომავალში საფრთხე აღარ შეექმნას სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.
სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ცოცხალი ძალა აგრძელებს დატბორილი კომერციული ობიექტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფების გაწმენდას.
კალმახელიძის განცხადებით, ამ დროისთვის წყალმომარაგება შეზღუდულია თელავის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – წინანდალში, კისისხევსა და ვარდისუბანში. მისი თქმით, მიმდინარეობს სამუშაოები სათავე ნაგებობებზე, რათა სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი აღმოიფხვრას და აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგება სრულად აღდგეს.
სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ქალაქ თელავში, ვარდოშვილის ქუჩაზე, უკვე იმყოფებოდნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებმაც პირველადი შესწავლა ჩაატარეს. მისი თქმით, არსებული მდგომარეობის ანალიზისა და ექსპერტიზის დასკვნის მომზადების შემდეგ შესაბამისი ინფორმაცია კომერციული ობიექტების მფლობელებსა და საზოგადოებას მიეწოდება.