რეგიონები
    2026-11-26 | 15:56

    ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყერმა 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა - გარემოს ეროვნული სააგენტო

    ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყერმა 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა - გარემოს ეროვნული სააგენტო

    ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში 26 ნოემბრის ღამეს მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც შესაბამისმა სამსახურებმა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეწყერმა 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა.

    სააგენტოს ცნობით, ბოლო პერიოდში რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექებმა დროებით სტაბილიზაციაში მყოფი მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში მეორადი მეწყრული პროცესების ცალკეული უბნების გააქტიურება გამოიწვია.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი სოფელ ლაილაშში დილიდან მუშაობს. სპეციალისტები აფასებენ არსებულ მდგომარეობას, მიმდებარე ტერიტორიას, საცხოვრებელ სახლებსა და მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთებს.

    ადგილზე უსაფრთხოების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიც იმყოფებიან.

    სააგენტოს ინფორმაციით, სხვადასხვა წლებში სოფელ ლაილაშში გეოლოგებს შეფასებული აქვთ როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემული აქვთ შესაბამისი რეკომენდაციები.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სტიქიის ზონასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე რჩებიან და მონიტორინგს განაგრძობენ.