პოლიტიკა
    2026-07-21 | 15:23

    გერმანიასთან და აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესება ერთი ადამიანის ბრალი არ არის, ეს ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგია - ირაკლი ფავლენიშვილი

    გერმანიასთან და აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესება ერთი ადამიანის ბრალი არ არის, ეს ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგია - ირაკლი ფავლენიშვილი

    „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან ინფორმაციის წაშლის საკითხი არ ცვლის იმ გარემოებას, რომ საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესების მთავარი მიზეზი „ივანიშვილის რეჟიმის“ პოლიტიკაა.

    მისი თქმით, პრობლემა არ არის ცალკეული პირები, მათ შორის გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი პეტერ ფიშერი ან ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, არამედ თავად ხელისუფლების კურსი.

    „პრობლემა არ გახლავთ არც პეტერ ფიშერი, არც ჯო უილსონი, არც ის ადამიანები, ვინც ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, დისკრედიტებული და დისკრიმინებული არიან ივანიშვილის რეჟიმის მიერ. პრობლემა გახლავთ თვითონ ივანიშვილის რეჟიმი და მისი ქმედებები.

    გერმანიასთან, ამერიკასთან და სხვა პარტნიორებთან ურთიერთობაში გადატვირთვის საფუძველი იქნება არა კონკრეტული ადამიანის თუნდაც გადადგომა ელჩობიდან ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა, არამედ რეალური ნაბიჯები, რომლებსაც გადადგამს ივანიშვილი. გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობაში გამამწვავებელი საკითხი არა ინდივიდუალურად ერთი-ორი ადამიანი, არამედ ის კურსი იყო, რასაც ატარებდა და ატარებს ივანიშვილი.

    ტექნიკურად შეუძლებელია, ერთი ადამიანი დავადანაშაულოთ ყველა იმ დაბრკოლებაში და პრობლემაში, რაც საქართველოსა და გერმანიას შორის არსებობს. არასერიოზულია, კონკრეტული ერთი ადამიანის ბრალეულობას მივაწეროთ საქართველოსა და გერმანიას შორის დაძაბულობა. საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა რომ შეჩერდა, ეს ხომ კომპლექსური პროცესია. მთელ დასავლეთთან ერთდროულად მოხდა ურთიერთობების გაფუჭება და დაბალ ნიშნულზე გაყინვა. ეს ხომ შეუძლებელია, ერთი ან ორი ადამიანის დამსახურება ყოფილიყო, ეს არის ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

    მსგავსი სტატიები