რუსეთში, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და „სამარას“ ნავთობსადენის სადგურზე თავდასხმა განხორციელდა - მედია
რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სავარაუდოდ, დრონებით კიდევ ერთხელ, ერთი კვირის განმავლობაში მეორედ, გახდა თავდასხმის სამიზნე. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ასევე ვრცელდება ცნობები სამარის ოლქში მდებარე ხაზოვანი საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურ „სამარაზე“ დარტყმის შესახებ.
როგორც გამოცემა Astra ადგილობრივ Telegram-არხებსა და მედიაზე, ასევე სხვა საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით წერს, ნოვოშახტინსკის მცხოვრებლებმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა გაიგეს, მოგვიანებით კი ხანძარი დააფიქსირეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ნოვოშახტინსკს მძიმე დრონები დაესხნენ თავს, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.
Astra-ს მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სავარაუდოდ, საწვავის რეზერვუარები იწვის.
ამასთან, Telegram-არხი Exilenova+ იუწყება სამარის ოლქში, სოფელ პროსვიტის მახლობლად მდებარე ხაზოვანი საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურ „სამარაზე“ მორიგი დარტყმის შესახებ.
ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ექსპლუატაციაში 2009 წელს შევიდა. მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 5,6-7,5 მილიონი ტონა ნავთობია. საწარმო რუსეთის სამხრეთში ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებლად ითვლება და აწარმოებს საავტომობილო ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ნავთს, მაზუთსა და ბიტუმს.