რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ პროვოკაციას ცდილობს - გრიგოლ გეგელია
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ რუსული რაკეტა მოძრაობდა, რუსეთის მხრიდან მორიგ პროვოკაციაზე მიუთითებს.
გეგელიას თქმით, რუსეთი მუდმივად ცდილობს რეგიონში არასტაბილურობისა და კრიზისის შექმნას და ამ პოლიტიკას აგრძელებს როგორც მეზობელი სახელმწიფოების, ისე საქართველოს მიმართ.
მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას დეოკუპაციის მიმართულებით ეფექტიანი საგარეო პოლიტიკა არ გააჩნია და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგმულა.
„რუსეთი ცდილობს, საქართველოს სუვერენული ტერიტორია გამოიყენოს იმისთვის, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და იმ პოლიტიკურ-სამხედრო პროექტის მიმართ, რომელში გაწევრიანებაც ჩვენი კონსტიტუციური და ეროვნული მიზანია, პროვოკაცია განახორციელოს. ეს არის რუსეთის მავნებლური პოლიტიკის გაგრძელება, თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ დე-ფაქტო რეჟიმი, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, არ იცავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს“, – განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, Der Spiegel-ის ინფორმაციით, ანკარაში ნატო-ს სამიტის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე თურქეთმა საჰაერო თავდასხმის შესაძლო საფრთხის გამო განგაში გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მისი საჰაერო სივრცისკენ მოძრავი ობიექტი აღმოაჩინეს. გამოცემის ცნობით, მოგვიანებით დადგინდა, რომ ობიექტი რუსული „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტა იყო, რომელიც საქართველოდან, კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებიდან, თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გადაადგილდებოდა. არსებული საფრთხის გამო, მალათიის პროვინციაში განთავსებული გერმანიის ბუნდესვერის „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის ბატარეა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანეს.