ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გაჯანსაღება და არა მოხუცი ჯოს განცხადებები – გიორგი გაბუნია
ამერიკელმა პარტნიორებმა არაერთხელ გვთხოვეს და მიგვანიშნეს, რომ მოხუცი ჯოს განცხადებები გულთან ახლოს არ მივიტანოთ, ასეც ვიქცევით, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
„ჩვენი მიზანია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მანამდე ფარატინა ფურცელზე იყო, რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდეს. ჯო უილსონი საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობას ყოველდღე აზიანებს. ეს ადამიანი ლობისტურ საქმიანობაში არაერთხელ ამხილეს. მისი განცხადებები კონკრეტული ინტერესებით არის ნაკარნახევი. „ფარას“ დოკუმენტებში, კონკრეტულ ჰონორარებში ჯო უილსონი ფიგურირებდა. ამიტომ მისი განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ მას მიზანი აქვს კონკრეტული დავალებები შეასრულოს, რასაც საქართველოსთან დაკავშირებით იღებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გაჯანსაღება და არა მოხუცი ჯოს განცხადებები“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.