„ლელო“ შოვის ტრაგედიაზე: სამი წლის შემდეგაც საზოგადოებას პასუხები არ აქვს, გამოძიება სავარაუდოდ არასწორი მიმართულებით წარიმართა
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას განცხადებით, შოვის ტრაგედიიდან სამი წლის შემდეგაც საზოგადოებას პასუხები არ აქვს იმაზე, თუ რა მოხდა და ობიექტური შეფასება ამ დრომდე არ არსებობს.
მისი თქმით, „ლელო - ძლიერი საქართველო“ თავიდანვე მოითხოვდა გამოძიების დაწყებას სავარაუდო სამოხელეო დანაშაულებთან დაკავშირებით, თუმცა, მისი შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ტრაგედიის მეორე დღიდანვე აცხადებდნენ, რომ სამოხელეო დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და ამით, ფაქტობრივად, გამოძიების მიმართულებას წინასწარ განსაზღვრავდნენ.
„მოქალაქეებს ემახსოვრებათ, რომ „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები მეორე დღიდან საუბრობდნენ, რომ იქ სამოხელეო დანაშაულებს ადგილი არ ჰქონდა და წარმოდგენილები იყვნენ, როგორც თითქოს ექსპერტები, აკეთებდნენ ექსპერტულ შეფასებებს, რაც მიმნიშნებელი იყო გამოძიების სავარაუდო მიმართულებაზე. ასეც მოხდა – გამოძიება დაიწყო არა სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით, არამედ უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით. სავარაუდოა, რომ განზრახ არასწორ კალაპოტში წარიმართა გამოძიება“, – განაცხადა სამუშიამ.
შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვნის ცხედარი ამ დრომდე ვერ არის ნაპოვნი.