საკონსტიტუციო სასამართლომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ რიგ აკრძალვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრულ აკრძალვებს, როგორიცაა: სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა, ასევე, ისეთ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობის მიღების აკრძალვა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.
ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
“2026 წლის 30 ივლისის საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის N1936 კონსტიტუციური სარჩელი.
საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრულ აკრძალვებს, როგორიცაა: სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა;
ასევე, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობის მიღების აკრძალვა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.
აგრეთვე, არსებითად განიხილება ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა და ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, იმ შემთხვევაში, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა; და დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვის კონსტიტუციურობა.
აღნიშნულ შინაარსობრივ აკრძალვებს, სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან მიმართებით განიხილავს.
ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული უალტერნატივო პატიმრობა და ამავე კოდექსით, გათვალისწინებული საგამონაკლისო ჯარიმა.
აგრეთვე, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა. კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმისა და სანქციის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა განიხილება, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებასთან, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სასჯელის პროპორციულობის პრინციპთან მიმართებით“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.