პოლიტიკა
    2026-08-11 | 16:15

    ამათგან არც დაპატიმრებას გამოვრიცხავ, არც ტყვიას გამოვრიცხავ, არც ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ვხედავთ, ეს ცილისწამებების ნიაღვარი რა მასშტაბებს აღწევს - გიორგი ბარამიძე

    ამათგან არც დაპატიმრებას გამოვრიცხავ, არც ტყვიას გამოვრიცხავ, არც ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ვხედავთ, ეს ცილისწამებების ნიაღვარი რა მასშტაბებს აღწევს - გიორგი ბარამიძე

    „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ აფხაზეთის ომი ეთნიკურ კონფლიქტად არ უნდა განიხილებოდეს და მისი თქმით, ომი რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა, წამოიწყო და აწარმოვა.

    „ჩემი ბიოგრაფია ყველამ იცის, სად ვიყავი, სად ვიბრძოდი, რამდენი ტყვე გავათავისუფლე. ამ უნამუსოების ენას ძვალი არ აქვს და ამ უნამუსოების ნაძირალობას ფსკერი არ აქვს.

    მე სწორედ ის ვთქვი, რომ ომი არა აფხაზებსა და ქართველებს შორის მიმდინარეობდა, არამედ რუსეთი იყო ოკუპანტი და რუსეთმა წამოიწყო, აწარმოვა ეს ომი. რუსეთი არის ჩვენი მტერი. ისე არ არის, როგორც ესენი ამბობენ, მათი პატრონებიდან, კრემლიდან წამოსული მესიჯებით, თითქოს ეს ეთნიკური კონფლიქტი იყო“, - განაცხადა ბარამიძემ.

    მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მის წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებენ და მისი დისკრედიტაცია სურთ.

    ბარამიძემ ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს მის დაპატიმრებას ან მის წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

    „რუსეთმა მომისაჯა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ბრძოლის გამო 6 წელი და 6 თვე. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მოღალატეთა რუსულმა რეჟიმმა აიღოს და პირდაპირ გადამცეს რუსეთს. ამათგან არც დაპატიმრებას გამოვრიცხავ, არც ტყვიას გამოვრიცხავ, არც ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ვხედავთ, ეს ცილისწამებების ნიაღვარი რა მასშტაბებს აღწევს“, - აღნიშნა მან.

    ბარამიძის განცხადებით, მის მიერ გაკეთებული განცხადების სამართლებრივი შეფასება აბსურდულია და ხელისუფლებას მისი გამოყენება პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის სჭირდება.

    „სუფთა სამართლებრივად, თვითონაც კარგად იციან, რომ ეს არის აბსურდი. ეს ყველაფერი სჭირდებათ ისევ და ისევ ჩემი დისკრედიტაციისა და გაშავებისთვის“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა.

    ბარამიძემ ასევე განმარტა, რომ მისი განცხადება ეხებოდა აფხაზეთის ომის დროს ტყვეების არყოლის ფაქტს.

    „ჩვენ, გამწარებულ ადამიანებს, დედა მოკლულს, მამა მოკლულს, ძმა მოკლულს, ოჯახაწიოკებულს არ აგვყავდა ტყვეები. რა არის ამაში გაუგებარი? შესაბამისად, რომ არ აგყავს ტყვე, მტერს ესვრი, ხვრეტ, ცხრილავ. შეიძლება, სხვა სიტყვა უნდა გამომეყენებინა, მაგრამ შინაარსი ხომ გასაგებია? - ტყვე არ აგვყავდა და თუ ტყვე არ აგვყავდა, ვის დავხვრეტდით?“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

    შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს.

    მსგავსი სტატიები