თუ აფხაზეთში საწვავი ეკონომიკური ტვირთის სახით შევიდა, ეს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისთვის საგანგაშო მაჩვენებელი შეიძლება იყოს - ბერდია სიჭინავა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა სტატუსით შევიდა საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში და რა პროცედურები გაიარა ტვირთმა.
„თუ საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში შესულია როგორც ეკონომიკური ტვირთი და არა როგორც ჰუმანიტარული ტვირთი, თუ მას ე.წ. საბაჟო პროცედურები აქვს გავლილი ე.წ. საზღვარზე, რომელიც რეალურად საოკუპაციო ხაზია, ეს შეიძლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისთვის საგანგაშო მაჩვენებელი იყოს“, – განაცხადა სიჭინავამ.
მისივე თქმით, საკითხი ორ ნაწილად უნდა გაიმიჯნოს და მთავარი მოთხოვნა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დაცვა უნდა იყოს.
„თუ ტვირთის მოძრაობა ჰუმანიტარული მიზნით განხორციელდა, ამაში გასაკვირი არაფერია. საქართველო არაერთ ასეთ ჰუმანიტარულ პროექტშია ჩართული, მათ შორის ვაფინანსებთ ჩვენი თანამოქალაქე აფხაზების მკურნალობას, ენგურჰესის ელექტროენერგიას ვიღებთ ჩვენ და იღებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოსახლეობა. ამიტომ აქ განსაკუთრებული არაფერია“, – აღნიშნა მან.
სიჭინავას განცხადებით, კითხვებს აჩენს პროცესის გაუმჭვირვალობა და უცნობია, რა ოდენობის საწვავის მიწოდებაზეა საუბარი და რომელი ბიზნესსუბიექტები იყვნენ ჩართული.
მისივე თქმით, უნდა დადგინდეს, რომელმა ბიზნესსუბიექტებმა განახორციელეს ტვირთის შეტანა, ჰქონდა თუ არა მას ჰუმანიტარული დანიშნულება, რა ოდენობის საწვავზეა საუბარი, რა პროცედურები გაიარა ტვირთმა და რა არის მისი საბოლოო დანიშნულება.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ გვარწმუნებდნენ, რომ „დიფ-სტეითს“ ჩვენი ომში ჩართვა სურს, შემთხვევით ირაკლი კობახიძე ხომ არ არის ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოს რთავს ომში, ოღონდ რუსეთის ფედერაციის მხარეს?!“ – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. 12 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ საწვავი ხელისუფლებას არ შეუტანია და ის ბიზნესმა, კანონის დაცვით, შეიტანა.