ჩავარდნილი პროექტები არაკომპეტენტურობისა და კორუფციის შედეგია, ყველა კავშირშია „ანტიქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მაღალჩინოსნებთან - ირაკლი კუპრაძე
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, რეგიონებში ჩავარდნილი სახელმწიფო პროექტები „არასათანადო კომპეტენციისა და კორუფციის შედეგია“, ხოლო სახელმწიფო თანხების გაფლანგვა, მისი შეფასებით, სისტემურ ხასიათს ატარებს.
როგორც კუპრაძემ განაცხადა, ერთი და იგივე კომპანიებს, რომლებსაც, მისი თქმით, წარსულში არაერთი პროექტი არ შეუსრულებიათ, კვლავ აძლევენ სახელმწიფო ტენდერებს.
„რეგიონების ამბავი მარტივად არის - „ანტიქართული ოცნება“ ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას. ყველა ის ჩავარდნილი პროექტი არის არაკომპეტენტურობისა და კორუფციის შედეგი. 3.6 მილიონი ლარი კი არა, ათეულობით მილიონი ლარის ძარცვა მიმდინარეობს ყოველთვიურად ჩავარდნილი პროექტების სახით. ყველა ეს ჩავარდნილი პროექტი კავშირშია „ანტიქართული ოცნების“ ჩინოვნიკებთან, მაღალჩინოსნებთან. ეს კომპანიები არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები და ასე მიმდინარეობს საქართველოს მოსახლეობის ძარცვა“, - განაცხადა კუპრაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და რეგიონში კომპანიებს, რომლებსაც, მისი შეფასებით, მრავალჯერ ჰქონდათ შეუსრულებელი პროექტები და ათეულობით მილიონი ლარი აქვთ მითვისებული, კვლავ აძლევენ ახალ სახელმწიფო პროექტებსა და ტენდერებს.
„ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ და მხოლოდ ძარცვა მიმდინარეობს. არავის არ სჯერა იმის, რომ ამ ნაძარცვიდან წილი არ მისდით „ქართულ ოცნებას“ და მის ჩინოვნიკებს. სხვა არგუმენტი არ არსებობს, რატომ შეიძლება მისცე გაფუჭებულ, გაშავებულ, ყაჩაღ კომპანიებს სხვადასხვა ტენდერი და დააზარალო საზოგადოებრივი და სახალხო ინტერესი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, როგორც BPN წერს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის რვა თვეში საქართველოში ჯამში 41 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება არ შესრულდა. მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შეუსრულებელი პროექტების საერთო ღირებულებამ 3 602 617 ლარი შეადგინა.