პოლიტიკა
    2026-09-18 | 12:19

    უკრაინა გამოყენებულია იმისთვის, რომ ევროკავშირი რაც შეიძლება იაფად დაიცვან – ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა - შალვა პაპუაშვილი

    უკრაინა გამოყენებულია იმისთვის, რომ ევროკავშირი რაც შეიძლება იაფად დაიცვან – ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა - შალვა პაპუაშვილი

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინა გამოყენებულია იმისთვის, რომ ევროკავშირი რაც შეიძლება იაფად იქნას დაცული. როგორც მან აღნიშნა, ეს გარემოება საერთაშორისო პოლიტიკის ცივსისხლიანობას უსვამს ხაზს.

    პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დასავლეთში უკრაინას ხშირად „ევროკავშირის თავდაცვის წინა ხაზს“ უწოდებენ.

    „არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინა წინა ხაზია ევროკავშირისთვის და ევროპული ქვეყნების თავდაცვისთვის. ის, რომ ხარჯეფექტურია – კი, ხარჯთეფექტურია, რადგან ბრძოლა თავად არ უწევთ, არ იღვრება გერმანელების, ფრანგების და ლიტველების სისხლი, მაგრამ იღვრება უკრაინელების სისხლი იმისთვის, რომ ევროკავშირის თავდაცვა იყოს უზრუნველყოფილი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა და რა ადვილია ზოგიერთისთვის, რომ ასეთი ტონით, ასე პირდაპირ და ასე უტიფრად ისაუბრონ, რომ დღეს უკრაინა გამოყენებულია იმისთვის, რომ ევროკავშირი რაც შეიძლება იაფად დაიცვან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა ბედი ელოდა საქართველოს იმ პირობებში, ხელისუფლებაში ოპოზიციური ძალები რომ ყოფილიყვნენ. პაპუაშვილის მტკიცებით, საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისა და საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისთვის ამზადებდნენ.

    „ამიტომ ყველამ უნდა გაიაზროს, თუ რა ბედი ელოდა საქართველოს, ხელისუფლებაში ადამიანების ის ჯგუფი რომ ყოფილიყო, რომლებიც დღესაც კი სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ. გაუხარდებოდათ, რომ წინა ხაზზე ყოფილიყვნენ. ზურა ჯაფარიძემ სხვა რამ კი არ თქვა – რაღაცით ჩვენც დავეხმაროთ, აქ ბრძოლით 20 000 ჯარისკაცს ხომ მაინც შევაკავებთ და ვეღარ მოიცლიან იქეთ საბრძოლველადო. ამისთვის მზად იყვნენ და ამისთვის იყო საქართველო გამზადებული.

    ამისთვის იყო 2020 წელს არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობა. ამისთვის შემოაპარეს 2021 წელს მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა, მანამდე იყო კონსულტაციები ბრიუსელსა და ვაშინგტონში, რათა საბოლოო ჯამში, საქართველოს ეთამაშა ის როლი, რასაც დამატებით მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია, რათა ევროკავშირის დაცვა ხარჯეფექტური ყოფილიყო – ჩვენ აქ გვეომა და გაგვეჩერებინა 10, 20 თუ 30 ათასი რუსი ჯარისკაცი, მაშინ, როდესაც სხვები სემინარებზე და პოდიუმის სხვადასხვა დისკუსიებში დასხდებოდნენ და მშვიდად ისაუბრებდნენ ჩვენს ბედზე. რა თქმა უნდა, ტაშს დაგვიკრავდნენ და წითელ ხალიჩებს დაუგებდნენ, მაგრამ ეს სცენარი რომ განხორციელებულიყო, წითელ ხალიჩაზე გამვლელიც აღარ დარჩებოდა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    მსგავსი სტატიები