საზოგადოება
    2026-09-19 | 13:59

    საბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

    საბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

    ბაგა-ბაღებში დაფიქსირებულ ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით, აღსაზრდელთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში ინტოქსიკაციის სიმპტომებით მკურნალობას, გუშინ საღამოს მდგომარეობით 14 პაციენტი განაგრძობდა, მოგვიანებით კლინიკაში კიდევ სამი ბავშვი მიიყვანეს.

    მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ჩვიდმეტივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. დღის განმავლობაში ხუთი ბავშვის გაწერა იგეგმება. იაშვილის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით კი ჰოსპიტალში ამ დრომდე 13 პაციენტი რჩება. მათი კლინიკური მდგომარეობა სტაბილურია. სოფიო ცერძვაძის განცხადებით, პაციენტებს აღენიშნებოდათ გასტროინტესტინური ჩივილები. ამ ეტაპზე მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მიმდინარეობს კლინიკური მდგომარეობის დინამიკაში შეფასება და მონიტორინგი.

    შეგახსენებთ, ეპიდაფეთქება თბილისის ბაგა-ბაღებში გუშინ დაიწყო. ბავშვებთან ერთად, ინტოქსიკაციის ნიშნები ერთ აღმზრდელსაც გამოუვლინდა. ინტოქსიკაციის შემთხვევა ჯამში ოც საბავშვო ბაღში დაფიქსიდა.

    ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ.მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.