სამართალი
    2026-09-21 | 16:23

    ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ, სათვალთვალო კამერებიდანაც შეიძლება ამოიღოთ და ნახოთ… ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ - ნანა სანდერი

    ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ, სათვალთვალო კამერებიდანაც შეიძლება ამოიღოთ და ნახოთ… ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ - ნანა სანდერი

    4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას, თვეების განმავლობაში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა.

    „მთელი თვეების განმავლობაში ვიყავი ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების ქვეშ. არ მომეწოდებოდა ჟანგბადი, ჰაერი არ იყო. ვწერდი კიდეც, რომ შვიდ კვირას ვერ ვიცოცხლებდი. ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ, სათვალთვალო კამერებიდანაც შეიძლება ამოიღოთ და ნახოთ, რამდენი ხანი ვეგდე იატაკზე. ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ“, - განაცხადა სანდერმა.

    მისი თქმით, საკანი არ ნიავდებოდა, მაღალი ტემპერატურისა და ჰაერის უკმარისობის გამო კი რამდენჯერმე გონებას კარგავდა.

    „ჩემით ვიყიდე ვენტილატორი, გონებას ვკარგავდი. ჟანგბადი არ შემოდის, არის მაღალი ტემპერატურა. ეს არის მიზანმიმართული, არაადამიანური წამება“, - აღნიშნა მან.

    სანდერის განცხადებით, მის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე შესაბამის უწყებებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

    „პენიტენციურის არცერთი ჯალათი არ არის დასჯილი, ისევე როგორც ჩემზე მოძალადე არცერთი პოლიციელი არ დასჯილა. მონიტორინგის სამსახურმა თქვა, თითქოს არ არსებობდა უფლებების დარღვევა. მიცემული მაქვს ჩვენებები, მაგრამ არცერთ უწყებას რეაგირება არ მოუხდენია“, - განაცხადა სანდერმა.

    მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული სასამართლოების იმედი არ აქვს და საქმის გადაწყვეტას, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში ელოდება.

    „მე არ მაქვს ამ ქვეყანაში არცერთი სასამართლოს იმედი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სხვა სასამართლომ, მაგალითად, სტრასბურგმა გადაწყვიტოს - სხვებმა ეს არ გაიაროს. [საქალაქო სასამართლოს] მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ისმენდა, რა ძალადობა და რა უფლებები ირღვეოდა ჩემს მიმართ, მაგრამ მისი რეაგირება ის იყო, რომ 7 წელი მომისაჯა უდანაშაულო ადამიანს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე” - განაცხადა ნანა სანდერსმა.  

    შეგახსენებთ, ნანა სანდერს ბრალდება ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მას ასევე ბრალდება სსკ-ის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს და 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

     

    მსგავსი სტატიები