პოლიტიკა
    2026-09-22 | 13:05

    რა თქმა უნდა, იტყუება ირაკლი ღარიბაშვილი - ირაკლი ჭეიშვილი

    რა თქმა უნდა, იტყუება ირაკლი ღარიბაშვილი - ირაკლი ჭეიშვილი

    „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ჭეიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

    „სამწუხაროა, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩვენ გვამსგავსებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ის ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ პრემიერ-მინისტრი იყო და მაშინ არ ვგავდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს ვგავართ?! ეს არასწორი შეფასება და არასწორი მიდგომაა. ზოგადად, ეს სპეკულაციები უნდა დაასრულოს. ყოველ კვირას ერთი და იგივე შინაარსის წერილებს აქვეყნებს. გავიგეთ რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი შეცდომაშია შეყვანილი. ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, სად არის და რა განცხადებებს აკეთებს. ჩვენგან ღალატი მის მიმართ არ ყოფილა. თავიდან ბოლომდე აღიარა ის ბრალი, რაც პროკურატურამ წარუდგინა.

    არსებობს სასამართლო, მართლმსაჯულება და ადამიანების ბედი კაბინეტებში არ წყდება. რა თქმა უნდა, იტყუება ირაკლი ღარიბაშვილი. გადადგომის შემდეგ რომ ეგ განცხადება გაეკეთებინა კიდევ შეიძლებოდა სარწმუნო ყოფილიყო, მაგრამ არ ფიქრობდა ასე, იმიტომ რომ ასე არ იყო. ამ ქვეყანაში მარტო ირაკლი ღარიბაშვილზე მოხდა მაშინ ზეწოლა?!,“ -განაცხადა ჭეიშვილმა.

    ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი პატიმრობა თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია, მიზანი კი მისი პოლიტიკური განეიტრალება და რეპუტაციის განადგურება იყო.

    ყოფილი პრემიერი მმართველ გუნდს „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით მოქმედებაში ადანაშაულებს და მიმართავს: "თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ".