პოლიტიკა
    2026-09-24 | 12:35

    ეს არის სისტემა, სადაც სახელმწიფო რესურსი ხალხის ნაცვლად „ოცნებასთან“ დაახლოებული პირების ჯიბეში მიდის - თორნიკე ართქმელაძე

    ეს არის სისტემა, სადაც სახელმწიფო რესურსი ხალხის ნაცვლად „ოცნებასთან“ დაახლოებული პირების ჯიბეში მიდის - თორნიკე ართქმელაძე

    „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრის, თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, თბილისის უფასო სასადილოების მომსახურების ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებთან არის დაკავშირებული.

    მისივე თქმით, საბურთალოს, ნაძალადევისა და სამგორის რაიონებში 2026 წლის უფასო კვების უზრუნველყოფის ტენდერებში გამარჯვებულმა შპს „ლუკა 2005“-მა თითქმის 11 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები კონკურენტის გარეშე მიიღო.

    ართქმელაძის განცხადებით, კომპანიის დირექტორმა იუზა ჯოგლიძემ „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს 60 ათასი ლარი შესწირა, ხოლო კომპანიის მესაკუთრეა იაშა ჩაჩუა, რომლის ერთ-ერთი კომპანია „ილი ჯგუფი“ პენიტენციურ სამსახურში უხარისხოდ შესრულებული ვალდებულებების გამო გაფრთხილებულთა სიაშია.

    მისივე ინფორმაციით, ვაკის, მთაწმინდის, დიდუბე-ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში უფასო სასადილოების მომსახურების ტენდერებში გამარჯვებულმა შპს „ტანდემმა“ ჯამურად დაახლოებით 6 მილიონი ლარის ხელშეკრულებები ასევე კონკურენტის გარეშე მიიღო.

    „ეს ცალკეული კორუფციული შემთხვევები აღარ არის, ეს არის სისტემა, სადაც სახელმწიფო რესურსი ხალხის ნაცვლად „ოცნებასთან“ დაახლოებული პირების ჯიბეში მიდის“, - განაცხადა ართქმელაძემ.

    მისივე თქმით, საზოგადოებაში კითხვებს აჩენს ისიც, თუ რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კვების პროგრამიდან 3.5 მილიონი ლარის მითვისების საქმეზე ხუთი პირი დააკავეს.

    ართქმელაძე თბილისის მერიას მოუწოდებს, განმარტოს, რატომ აღმოჩნდნენ ახალი ტენდერების გამარჯვებულებად კვლავ ის კომპანიები და პირებთან დაკავშირებული ბიზნესები, რომელთა პოლიტიკური კავშირები „ქართულ ოცნებასთან“ კითხვებს აჩენს.

    „ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა უპასუხოს, რატომ ენდობა თბილისის მერია უფასო სასადილოების საკითხში სწორედ იმ ადამიანებთან დაკავშირებულ ბიზნესებს, რომლებიც მმართველ პარტიას აფინანსებენ და როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ ერთი კორუფციული სქემის გამოვლენის შემდეგ სისტემა შეიცვალა“, - განაცხადა მან.

    მისივე თქმით, აუცილებელია უფასო სასადილოების დაფინანსების გაზრდა და ტენდერების მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.