დავითაძის საქმეზე გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა - პაატა სალია
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი მისი უფლებების დარღვევას.
როგორც სალიამ განაცხადა, დავითაძემ უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს განაცხადა, რის შემდეგაც გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო.
„პატიმარ დავითაძის საქმე ახლა არ დაწყებულა. ჯერ კიდევ შარშანდელი წლის მიწურულს მან განაცხადა უფლებების შელახვის შესახებ, საკმაოდ მძიმე ბრალდება გაისმა მისგან და მყისიერად დაიწყო გამოძიება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს კომპლექსური გამოძიება, ტარდება არაერთი საპროცესო მოქმედება, რათა საბოლოოდ ვიცოდეთ, რა მოხდა იმ ეპიზოდში. მნიშვნელოვანია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა სალიამ.
მისი თქმით, დეესკალაციის ოთახში დავითაძის გადაყვანას წინ უძღოდა ინციდენტი, რის გამოც პენიტენციურმა სამსახურმა მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის დამშვიდება იყო საჭირო.
„კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას. თქვენ ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ამ პროცედურის განხორციელებას. შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
სალიას განცხადებით, ვიდეოჩანაწერში ადამიანთა რაოდენობა თავისთავად არ ადასტურებს დავითაძის მიმართ ძალადობის ან უკანონო მოქმედების ფაქტს.
„რაც შეეხება ოთახში ადამიანთა რაოდენობას, ეს თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ რაიმე ძალადობა ან უკანონო მოქმედება განხორციელდა. პატიმარი აცხადებდა პროტესტს და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს არ აძლევდა საშუალებას, განეხორციელებინათ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება“, – განაცხადა მან.
იუსტიციის მინისტრის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა და რამდენად საჭირო იყო ამ რაოდენობის თანამშრომლების ჩართვა.
„გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა ამ შემთხვევაში, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი. გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე დარღვევას, პატიმრის უფლების დარღვევას მოცემულ შემთხვევაში“, – აღნიშნა სალიამ.
მისივე განცხადებით, საქმეზე არსებული ვიდეომასალა, მათ შორის უკვე გასაჯაროებული ჩანაწერი, პროკურატურას აქვს და მასზე გამოძიება მუშაობს.
სალიას თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, დაიცვას როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირების, ისე სისტემის თანამშრომლების უფლებები.
„ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არცერთი არ დადასტურებულა, ყოველ შემთხვევაში, უკვე გასაჯაროებული მასალიდან, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლა სახალხო დამცველმა და რაიმე ძალადობის, მით უმეტეს იმ დანაშაულის კვალი, რაზეც საუბრობდა პატიმარი, არ დადასტურებულა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განაცხადა, რომ ბადრაგმა გააუპატიურა. მისი თქმით, შემთხვევა დეესკალაციის ოთახში მოხდა და მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. დავითაძის მტკიცებით, აღნიშნული ფაქტი ვიდეოკამერებშია ასახული.
საკითხს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა და დავითაძის განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა. უწყების განცხადებით, მსჯავრდებულის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
გუშინ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ გიორგი დავითაძემ დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.
უწყების განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, დავითაძეს სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.