საქართველოში ადამიანების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ციხეში პრაქტიკაა - გიგა ლემონჯავა
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან, სადაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების სოლიდარობის აქცია გაიმართა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ადამიანების მიმართ ძალადობა და დავითაძისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარე, მისი შეფასებით, „პროპაგანდისტული კამპანია“.
„მე აქ ვარ მოსული, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომლისთვისაც მიუღებელია ადამიანების ტანჯვა-წამება, ადამიანების მიმართ ძალადობა და ის პროპაგანდისტული, აღვირახსნილი კამპანია, რაც ახლა ე.წ. ხელისუფლებას აქვს გიორგი დავითაძისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ეს მარწმუნებს, რომ რასაც ამბობს პატიმარი, არის აბსოლუტური სიმართლე.
საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს აწამებენ, ამის უამრავი ფაქტი არსებობს. ეს რეჟიმი დგას ადამიანების წამებაზე, ადამიანების წინააღმდეგ ძალადობაზე, იმიტომ რომ ძალაუფლების შენარჩუნების სხვა გზა მათ, ხალხის წინააღმდეგ ძალადობის გარდა, არ აქვთ.
საქართველოში ადამიანების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ციხეში არის პრაქტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს პატიმრების წინააღმდეგ. უბრალოდ, ძალიან ცოტა ბედავს, რომ ამაზე ისაუბროს ხმამაღლა“, – განაცხადა ლემონჯავამ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ ადამიანების მიმართ ძალადობა, მისი შეფასებით, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ პირებს, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
„ამ რეჟიმის დე-ფაქტო მმართველობაში დარჩენა არის საშიში არა მხოლოდ მათთვის, ვინც პოლიტიკურად ებრძვის ამ რეჟიმს, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, იმიტომ რომ არავინ არ არის დაზღვეული, რომ მას ღირსების შემლახავად მოეპყრობიან ან პოლიციის განყოფილებაში, ან ციხეში“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა პენიტენციურ სისტემაში პატიმრის მიმართ სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები გააპროტესტეს.
მათი მოთხოვნებია რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომა და მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრების სრულად და უწყვეტად გასაჯაროება.
ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათ მოთხოვნებს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება.