კომენტარი
    2026-10-08 | 16:15

    აქციზის თუნდაც განახევრება რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს, რომ ბენზინის და დიზელის ფასი დავუბრუნოთ თუნდაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს - გიორგი კაკაურიძე

    აქციზის თუნდაც განახევრება რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს, რომ ბენზინის და დიზელის ფასი დავუბრუნოთ თუნდაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს - გიორგი კაკაურიძე

    ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ნავთობზე აქციზის განახევრების შემთხვევაში საწვავის ფასი დაახლოებით 25 თეთრით შემცირდება, თუმცა აღნიშნული ცვლილება ბენზინისა და დიზელის ფასებს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ დონესთან მიმართებით მნიშვნელოვნად ვერ დაარეგულირებს.

    ამის შესახებ კაკაურიძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატ გიორგი შარაშიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. შარაშიძე დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია მთავრობამ ნავთობზე აქციზის დროებითი შეღავათის დაწესება განიხილოს.

    „დავუშვათ, გავანახევრეთ ნავთობზე აქციზი, ამის ეფექტი იქნება 25 თეთრი. ერთ დღეში შეიძლება ნავთობის ფასებზე მოხდეს ისეთი რაღაც, რომ შემდეგ ვითარება შეიძლება შეიცვალოს. სამწუხაროდ, არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი, საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შევცვალოთ“, - განაცხადა კაკაურიძემ.

    მისივე თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საწვავის ფასების ცვლილების გათვალისწინებით, აქციზის განახევრებით მიღებული ეფექტი ვერ უზრუნველყოფს ბენზინისა და დიზელის ფასების ექვსი თვის წინანდელ მაჩვენებელზე დაბრუნებას.

    „აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის გაურკვევლობა, რაც არის ნავთობთან მიმართებით, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მსოფლიო ბაზარზე, ეს ეტაპობრივად დამშვიდდეს და ამით უნდა დარეგულირდეს ნავთობის ფასები“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.