დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეების ყოფა-ცხოვრება არის გაუსაძლისი - ლევან სამუშია
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას განცხადებით, დიზელის საწვავზე ფასის ზრდა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აყენებს სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, რადგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში ძირითადად დიზელის საწვავი გამოიყენება.
როგორც სამუშიამ განაცხადა, დიზელის ფასი 5-ლარიან ნიშნულს გადასცდა და ამჟამად 5.07 ლარს შეადგენს.
„ყოველდღიურად მძიმდება საქართველოს მოქალაქეების ყოფა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ საწვავის ფასმა, კერძოდ, დიზელის ფასმა გადალახა 5-ლარიანი ნიშნული და დღეს არის 5.07 ლარი, რაც მძიმეა ჩვენი მოქალაქეებისთვის. დიზელის ფასის მატება განსაკუთრებით მძიმეა სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში ძირითადად დიზელის საწვავი გამოიყენება“, - განაცხადა სამუშიამ.
მისი თქმით, მოსავლის აღებისა და ხვნა-თესვის სამუშაოების პერიოდში საწვავის გაძვირება დამატებით ტვირთად აწვება გლეხებსა და ფერმერებს.
„ამ გაუსაძლის მდგომარეობაზე ფასების კომისიის შემქმნელებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ აქვთ არანაირი პასუხი. შესაბამისად, ამ ყველაფერს მოჰყვება ის, რომ საქართველოს მოქალაქეები, გლეხები, ფერმერები სოფლებს დატოვებენ, ვინაიდან ვერ ამუშავებენ მიწებს და წავლენ საზღვარგარეთ, ემიგრაციაში“, - აღნიშნა მან.
სამუშია ხელისუფლებას მოუწოდებს, დროებით მაინც შეამციროს საწვავზე აქციზის გადასახადი და 2017 წლის ნიშნულზე დააბრუნოს.
„„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, შეამსუბუქონ საქართველოს მოქალაქეების ყოფა-ცხოვრება და, როგორც მინიმუმ, დროებით მაინც დააბრუნონ აქციზის გადასახადი საწვავზე 2017 წლის ნიშნულზე, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ ცხოვრება“, - განაცხადა სამუშიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადება, რომ აქციზის გადასახადის შემცირება საწვავის ფასზე გავლენას ვერ მოახდენს, გაუგებარია.
„დღეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თურმე აქციზის გადასახადის კლება არაფერ შუაშია და არ გამოიწვევს ფასების კლებას საწვავზე. ეს წარმოუდგენელი რამ არის! მაშინ რატომ მიმართავენ მსგავს ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნები?“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების გამო და აღნიშნა, რომ აგვისტოში ჯარიმების სახით 404 მილიონი ლარი იქნა ამოღებული.
„თქვენთვის სულერთია საწვავის ფასის მატება, რადგან ავტომობილები გემსახურებათ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, რომელთა ცხოვრება გაუსაძლისი გახადეთ. ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობთ ახალ ავტომობილებს, ასხამთ საწვავს და მძღოლი გემსახურებათ“, - ამბობს სამუშია.
მისი თქმით, ხელისუფლებამ საწვავის გაძვირების საკითხზე დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს.
„დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეების ყოფა-ცხოვრება არის გაუსაძლისი!“- განაცხადა ლევან სამუშია.