ეს არის კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ფულს ვერ იმეტებს ბავშვთა უფასო კვებისთვის, სამაგიეროდ, მილიონობით ლარით ზრდის რეპრესიული მანქანის დაფინანსებას - ნიკა ჩერქეზიშვილი
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ თბილისის საკრებულოს წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოში I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უფასო სასკოლო კვების პროგრამის დასანერგად 147 მილიონი ლარია საჭირო, მაშინ როდესაც 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 38 მილიარდ ლარს შეადგენს.
როგორც ჩერქეზიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ხელისუფლების პრიორიტეტები არასწორად არის განსაზღვრული და ბავშვთა უფასო კვების პროგრამის ნაცვლად, ძალოვანი უწყებების დაფინანსება იზრდება.
„2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არის 38 მილიარდი ლარი და ამ თანხის მხოლოდ 0.4% არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით არცერთი მოსწავლე აღარ იყოს სასკოლო პერიოდის განმავლობაში მშიერი.
ჩვენი კოალიცია, „ძლიერი საქართველო - ლელო“, წლების განმავლობაში ვითხოვთ უფასო კვების პროგრამის შემოღებას. დეტალურად გვაქვს დათვლილი, რა თანხებია ამისთვის საჭირო და ეს თანხა 147 მილიონ ლარს შეადგენს“, – განაცხადა ჩერქეზიშვილმა.
მისივე თქმით, 2026 წელთან შედარებით, 2027 წელს საქართველოს ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარით იზრდება, თუმცა, მისი შეფასებით, დამატებითი რესურსები ბავშვთა კვების პროგრამის ნაცვლად ძალოვანი და რეპრესიული უწყებების დაფინანსების გასაზრდელად გამოიყენება.
„საქართველოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი არის „ქართული ოცნების" ხელისუფლების დიაგნოზი - ეს არის კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ფულს ვერ იმეტებს ბავშვთა უფასო კვებისთვის, სამაგიეროდ, მილიონობით ლარით ზრდის რეპრესიული მანქანის დაფინანსებას,“ - ამბობს ჩერქეზიშვილი.
ჩერქეზიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 133 მილიონი ლარით, იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება 47 მილიონი ლარით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 10 მილიონი ლარით, ხოლო პროკურატურის დაფინანსება 6 მილიონი ლარით იზრდება.
„მხოლოდ სარესტორნო მომსახურებისთვის, როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერ-მინისტრის აპარატის, დეპუტატების და მინისტრების სამსახურები ხარჯავენ მილიონობით ლარს, როცა სულ რაღაც 147 მილიონი ლარია საჭირო იმისთვის, რომ არცერთი ბავშვი აღარ იყოს მშიერი“, – აღნიშნა მან.
ჩერქეზიშვილის განცხადებით, UNICEF-ისა და საქსტატის კვლევების თანახმად, ბავშვების დაახლოებით მესამედი სასკოლო პერიოდში მშიერია. მისი შეფასებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების პრიორიტეტებში ბავშვების ჯანმრთელობა და ხარისხიანი განათლება სათანადო ადგილს არ იკავებს.
„საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ეს არის ხალხის ფული და ხალხის ფული უნდა იხარჯებოდეს ხალხის საჭიროებისთვის. ნაცვლად ამისა, ეს თანხები იხარჯება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალაუფლებაში დარჩენისთვის, მათი უსაფრთხო და ფუფუნებაში ცხოვრებისთვის“, – განაცხადა ჩერქეზიშვილმა.
მისივე თქმით, კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო“ გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოში სასკოლო პერიოდში არცერთი ბავშვი აღარ იყოს მშიერი.