სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის ყველა-694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი. ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი)“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა, მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე ექვს სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს. მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი, თუმცა არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი. საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე 18 სექტემბერს გამოძიება დაიწყო.