საზოგადოება
    2026-11-22 | 12:53

    მოსკოვის პატრიარქი კირილე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას შეხვდა

    მოსკოვის პატრიარქი კირილე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას შეხვდა

    2026 წლის 21 ნოემბერს მოსკოვში, დანილოვის მონასტერში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას შეხვდა, რომელიც რუსეთის დედაქალაქში პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

    შეხვედრის დასაწყისში მიტროპოლიტმა თეოდორემ პატრიარქ კირილეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მილოცვა გადასცა.

    რუსეთის ეკლესიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პატრიარქმა კირილემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას მართლმადიდებლურ სამყაროში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქართული ეკლესია კანონიკური სიმართლის მხარეს დგას.

    „მართლმადიდებლების გაყოფა ძალიან მარტივია, გაერთიანება კი — ძალიან რთული. დღეს მთელი მართლმადიდებლობის სხეულზე გაჩნდა ისეთი ჭრილობები, რომელთა მკურნალობაც აუცილებელია. ამის გარეშე მართლმადიდებლობისთვის შედეგები შეიძლება ყველაზე არასასურველი იყოს“, — განაცხადა პატრიარქმა კირილემ.

    მისივე თქმით, რუსეთის ეკლესია ცდილობს, სხვადასხვა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ურთიერთობაში არსებული სირთულეების მიუხედავად, შეინარჩუნოს კავშირები და ხელი შეუწყოს ეკლესიებს შორის არსებული უთანხმოებების მოგვარებას.

    პატრიარქმა კირილემ ასევე ისაუბრა მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განვითარებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთში თეოლოგიური განათლების მისაღებად საქართველოდანაც ჩადიან სტუდენტები.

    შეხვედრის მონაწილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ თბილისში მცხოვრებ რუსულენოვან მორწმუნეებსა და მოსკოვში არსებულ ქართულ თემს მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების შესაძლებლობა აქვთ.

    თავის მხრივ, მიტროპოლიტმა თეოდორემ მადლობა გადაუხადა პატრიარქ კირილეს მოსკოვში მიწვევისა და საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იცავდა და მომავალშიც დაიცავს კანონიკურ სამართალს.

    „ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ვაღიაროთ ვინმე, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია, და არ დავემორჩილებით არანაირ ზეწოლას. ძალიან გვიხარია, რომ თქვენც ასე მტკიცედ დგახართ მართლმადიდებლობის დაცვის პოზიციაზე და ვილოცებთ თქვენთვის“, — განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

    შეხვედრის დასასრულს პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ჯვარი და ორი პანაღია გადასცა, ხოლო დელეგაციის წევრ მღვდელმთავრებს — პანაღიები, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს კი სამახსოვრო ჯვარი.

    საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა პატრიარქ კირილეს პანაღია და სადღესასწაულო ხატები უსახსოვრეს.