პოლიტიკა
    2026-10-16 | 12:25

    მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ იმოქმედონ და მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა არ დაუშვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიის, პლურალიზმისა და პროევროპული პოლიტიკური პარტიების დასამარება - გრიგოლ გეგელია

    მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ იმოქმედონ და მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა არ დაუშვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიის, პლურალიზმისა და პროევროპული პოლიტიკური პარტიების დასამარება - გრიგოლ გეგელია

    „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პარტია ოფიციალური საგარეო კომუნიკაციით მიმართავს ევროკავშირისა და აშშ-ის პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა საქართველოს დემოკრატიის დასაცავად ქმედითი ზომები მიიღონ.

    გეგელიას თქმით, პარტია მუშაობს მოქალაქეთა ინტერესებისა და არჩევანის უფლების დასაცავად საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლის დაკმაყოფილებაც, მისი შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებს უდიდეს ზიანს მიაყენებს.

    „ოფიციალურად მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ იმოქმედონ და მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა არ დაუშვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიის, პლურალიზმისა და პროევროპული პოლიტიკური პარტიების დასამარება“, – განაცხადა გეგელიამ.

    მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანებების, არამედ მათი ამომრჩევლების მიერ გამოხატული ნების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

    „პოლიტიკური პარტიის გაუქმება ნიშნავს არა მხოლოდ პარტიის გაუქმებას, არამედ მისი ამომრჩევლის მიერ გამოხატული პოლიტიკური ნების გაუქმებას, უარყოფას და, როგორც მინიმუმ, ერის ნახევრის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას“, – აღნიშნა მან.

    გეგელიას განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხსა და ქვეყნის ევროპულ მომავალს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა კონკრეტულ ქმედებებში გადაიყვანოს, რადგან საქართველო, მისი შეფასებით, ჰიბრიდული თავდასხმის ქვეშ იმყოფება.

    ამასთან, გეგელიამ „ქართული ოცნების“ წევრებს, მხარდამჭერებსა და სისტემის წარმომადგენლებს მოუწოდა, გაიაზრონ პროცესში მონაწილეობის პასუხისმგებლობა. მისი განცხადებით, დიქტატურის გაფორმებაში მონაწილე პირები ვერ გაექცევიან პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

    „ბრძოლა თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოსთვის არის ამ ერის ისტორიული ბრძოლა, რომელშიც ის არასდროს დამარცხებულა და არც ახლა დამარცხდება“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.