პოლიტიკა
    2026-10-16 | 15:00

    ჩვენ სრული მზადყოფნაში ვართ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და პარტიასთან თანამშრომლობისთვის, რადგან ბრძოლასა და მოქმედებაში უნდა ვიყოთ ერთიანები, ყველა უთანხმოება უნდა გადავდოთ - ირაკლი ფავლენიშვილი

    ჩვენ სრული მზადყოფნაში ვართ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და პარტიასთან თანამშრომლობისთვის, რადგან ბრძოლასა და მოქმედებაში უნდა ვიყოთ ერთიანები, ყველა უთანხმოება უნდა გადავდოთ - ირაკლი ფავლენიშვილი

    „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პარტია მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესში, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს უკავშირდება.

    როგორც ფავლენიშვილმა განაცხადა, სასამართლო პროცესის პარალელურად, ოპოზიციურ და სამოქალაქო ჯგუფებს ერთობლივი მოქმედებისა და კოორდინაციისკენ მოუწოდებს.

    „„ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ისტორიულ პროცესში, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება. ეს პროცესი ისტორიულია გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე მხარე ეთნიკურად ქართველებისგან არის დაკომპლექტებული, თუმცა სინამდვილეში ისინი არიან კრემლის მთავარი მოთხოვნებისა და მიზნების გამხმოვანებლები. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა ამ მოთხოვნების დაკანონების, ანუ რუსიფიკაციის დაკანონების უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში მოსურნეები. მათი სარჩელი ეფუძნება ღალატის კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც საქართველომ დაიწყო 2008 წლის ომი და საქართველოს დამნაშავე რეჟიმი ჰყავდა. ანუ ყველაზე წარმატებული, რეფორმატორი ხელისუფლება ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, დამნაშავე რეჟიმადაა გამოცხადებული.

    ეს ყველაფერი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს საქართველოს ტერიტორიების დანაწევრებისათვის. ეს გახლავთ არა პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე სხდომა, არამედ ქართული სახელმწიფოს აკრძალვის შესახებ მიმდინარე სხდომა. ეს არის მეორე 1921 წლის დაკანონების სურვილი, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ტერიტორიულ მთლიანობაზე, სუვერენიტეტზე, რადგან ყველა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ამ დასკვნის მიხედვით არის მტრულად განწყობილ სახელმწიფო და ჩვენ მათთან პარტნიორობაზე უარი უნდა ვთქვათ. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვკარგავთ არა მხოლოდ ვარდების რევოლუციის მონაპოვარს, არამედ 9 აპრილის მონაპოვარსაც, რომ საქართველო თავისუფალი ქვეყანა იყოს და საქართველო რუსული იმპერიისაგან განთავისუფლდეს. დადგა ის დრო, რომელზედაც მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა - თავისუფლების დაკარგვასთან ვიქნებით ახლოს და ამ დროს ერთიანობა იქნება მნიშვნელოვანი.

    მოვუწოდებ ყველა პატრიოტს, შევიკრიბოთ პარალელურად იმ სასამართლო სხდომებისა, რომლებიც გაიმართება ბათუმში. მე უკვე დავუკავშირდი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებს და აქვე საჯაროდ მინდა ვთქვა, ჩვენ სრული მზადყოფნაში ვართ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და პარტიასთან თანამშრომლობისთვის, რადგან ბრძოლასა და მოქმედებაში უნდა ვიყოთ ერთიანები, ყველა უთანხმოება უნდა გადავდოთ. ყველა საპროტესტო აქციაში, ყველა სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფთან უნდა ვიყოთ კოორდინაციაში და ერთად დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაშია. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

    მსგავსი სტატიები