თბილისში ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი მეორედ გაიმართება
18 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ სამეჯლისო დარბაზში თბილისი პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს (Open World Pro-Am Dance Festival) მეორედ უმასპინძლებს. მასში ადგილობრივი და უცხოელი საუკეთესო მოცეკვავეები „საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასის“ (Dance Queen Trophy Georgia) მოსაპოვებლად იასპარეზებენ.
ჟიურიში მოწვეულნი არიან საერთაშორისო კატეგორიის წამყვანი მსაჯები. ფესტივალს გამართული გალა-საღამო დააგვირგვინებს. გამარჯვებული ფინალისტების გამოვლენის შემდეგ, მაყურებლის წინაშე წარდგებიან ტურნირში გამარჯვებული წყვილები და ლათინურ-ამერიკული და სამეჯლისო ცეკვების საჩვენებელი პროგრამით:„Exhebition“ცეკვის 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ვიქტორ და სილვა (Victor Da Silva) ბლექპულის ცეკვის ფესტივალის, WDC-ის ევროპის პროფესიონალთა შოუ-ცეკვისა და WDC-ის მსოფლიო პროფესიონალთა შოუ-ცეკვის ჩემპიონ ეკატერინა კრისანოვასთან (Ekaterina Krysanova) ერთად, ასევე 9-გზის მსოფლიო ჩემპიონი ჯოანა ლუნისი (Joanna Leunnis)), და 6-გზის მსოფლიო ჩემპიონები: ელდარ და ანა ჯაფაროვები (Eldar and Anna Dzjafarov).
პორტუგალიელი მოცეკვავის, ვიქტორ და სილვას სახელი მთელ მსოფლიო საცეკვაო საზოგადოებაში რეზონანსულია. მისმა შეუდარებელმა არტისტიზმა და ქარიზმამ წარუშლელი კვალი დატოვა ცეკვის სამყაროში -- როგორც ჩემპიონმა, მწვრთნელმა და შთაგონების წყარომ უამრავი მოცეკვავისთვის. აღსანიშნავია, რომ ვიქტორ და სილვა მსოფლიო ჩემპიონ ეკატერინე კრისანოვასთან ერთად, 2025 წლის 19 ოქტომბერს პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაუვიწყარი შოუ პროგრამით წარდგა.
ფესტივალს პირველად ესტუმრება ცნობილი ბელგიელი მოცეკვავე, ლათინურ-ამერიკულ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონი ჯოანა ლეონისი. მისი საცეკვაო კარიერა გამოირჩევა ფენომენალური სისწრაფითა და რეკორდული მაჩვენებლებით, როგორც მოყვარულთა, ისე პროფესიონალთა კატეგორიებში. ჯოანა ლეონისი ამავე დროს არის ქორეოგრაფი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.
ფესტივალი მიზნად ისახავს მსოფლიო ცეკვების საბჭოს ყურადღების ცენტრში მოხვედრას და ადგილობრივ მოცეკვავეთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობას. ამიტომ, ფესტივალი ტურნირის გარდა, აერთიანებს მასტერკლასებს და ლექციებს. ფესტივალის ფარგლებში 2026 წლის 15-18 ოქტომბერს, ქართველი და უცხოელი პროფესიონალი მოცეკვავეებისთვის ჩასატარებელ მასტერკლასებსა და ლექციებს გაუძღვება იტალიელი მოცეკვავე, მსოფლიო ჩემპიონი ლათინურ-ამერიკულ ცეკვებში, პედაგოგი, ტრენერი და მენტორი ჯერი აბრატე (Jerry Abrate).
ფესტივალის ძირეული არსი კულტურასა და ტურიზმს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობაა. საერთაშორისო ფესტივალი წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას საქართველოს კულტურული ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაციისთვის. გალა-საღამოზე ასევე მიწვეულნი იქნებიან თბილისში ფესტივალისა და საქართველოს გაცნობის მიზნით ჩამოსული უცხოელი სტუმრები/ვიზიტორები.
ფესტივალის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია პროფესიონალი მოცეკვავე და პედაგოგი, მსოფლიო ცეკვის საბჭოს (World Dance Council) ლიცენზირებული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ლიზი მორი, დირექტორი კი - ანი ლაღიძე.
ლიზი მორი მსოფლიოს ისეთი პრესტიჟული ცეკვის ფესტივალებისა და კონკურსების მოწვეული მსაჯია, როგორიცაა ბლექფულის ცეკვის ფესტივალი, დიდი ბრიტანეთი, ისკიას მსოფლიო ცეკვის ფესტივალი, იტალია და სხვა.
ფესტივალი ტარდება სსიპ "შემოქმედებითი საქართველოსა" და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.