„ლელო - ძლიერი საქართველო“ სახალხო დამცველს მიმართავს, პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელზე საკუთარი სამართლებრივი პოზიცია წარმოადგინოს
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივა მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის შეზღუდვასა და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას წარმოადგენს.
როგორც სიორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიების აკრძალვის პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს სახალხო დამცველის ჩართულობა და მისი სამართლებრივი პოზიციის წარმოდგენა.
„მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, არ დარჩეს ამ პროცესის მიღმა, გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და წარმოადგინოს სამართლებრივი პოზიცია“, — განაცხადა სიორიძემ.
მისი შეფასებით, პარტიების აკრძალვის საკითხი მხოლოდ ოპოზიციური ორგანიზაციების პოლიტიკურ საქმიანობას არ ეხება და მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს, დემოკრატიულ არჩევანსა და კონსტიტუციურ წესრიგს უკავშირდება.
სიორიძის თქმით, სახალხო დამცველმა უნდა შეაფასოს მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობა და შესაძლო შედეგები.
„ველით, რომ საქართველოს სახალხო დამცველი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვება ამ პროცესში და წარმოადგენს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც შეაფასებს მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობასა და შესაძლო შედეგებს“, — აღნიშნა მან.
სიორიძის განცხადებით, დამატებით საფრთხეს ქმნის ის გარემოება, რომ სარჩელში მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკის კრიტიკა „სახელმწიფო საბოტაჟად“ არის წარმოჩენილი.
მისი შეფასებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, შესაძლოა, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის წინააღმდეგობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეფასდეს, ხოლო რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ფაქტობრივ სავალდებულო წესად იქცეს.
„კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული ევროატლანტიკური კურსი საქართველოს სტრატეგიული არჩევანია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივას უკავშირდება. ეს არჩევანი კი რუსეთის იმპერიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. თუ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა შეფასდება იმის მიხედვით „გააღიზიანებს“ თუ არა რუსეთს, 78-ე მუხლი მხოლოდ ქაღალდზე დარჩება, ხოლო ქვეყნის პოლიტიკაზე რეალური ვეტო მოსკოვში, კრემლში გადავა. ეს იქნება არა მხოლოდ კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფა, არამედ საქართველოს სუვერენული უფლების ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებს დაქვემდებარება“,- განაცხადა სიორიძემ.