ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი. ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის დაკრძალვის მცდელობის პროცესი - გიორგი კაპანაძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივა ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული პროცესია, რომლის მიზანიც, მისი შეფასებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნაა.
როგორც კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ ინიციატივა კრემლში დაწერილი ანტიქართული სცენარის ნაწილია.
„ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი. ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის დაკრძალვის მცდელობის პროცესი. ეს არის კრემლში დაწერილი ანტიქართული სცენარი, რომელიც, თუ არ შევეწინააღმდეგებით, აფხაზეთის აღიარებით დასრულდება“, — განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ გზას აფერხებს და ოპოზიციური პარტიების აკრძალვით პოლიტიკური სივრცის შეზღუდვას ცდილობს. კაპანაძის შეფასებით, ამ პროცესის საბოლოო მიზანი საქართველოს ტერიტორიების გასხვისებაა.
„თუ დღეს აკრძალავენ ოპოზიციას და დააკანონებენ კრემლში დაწერილ სცენარს, ხვალ აკრძალავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დააკანონებენ სამაჩაბლოს ანექსიას“, — აღნიშნა მან.
კაპანაძემ ისტორიული პარალელებიც გაავლო და განაცხადა, რომ საქართველო მსგავსი პროცესების წინაშე წარსულშიც იდგა, როდესაც, მისი შეფასებით, ქვეყნის დამოუკიდებლობა გაუქმდა, ავტოკეფალია დაიკარგა, ხოლო დისიდენტები, პოლიტიკოსები, მწერლები და პატრიოტები რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ.
ენმ-ის ლიდერმა მოქალაქეებს პროტესტში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებსა და ქვეყნის მომავალს ეხება.
„გადამწყვეტია პროტესტში მონაწილეობა, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი შვილების დღევანდელი და ხვალინდელი დღე. მიზანია, გავერთიანდეთ პოზიტიური პოლიტიკური ცვლილებებისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად“, — განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
ცნობისთვის: საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 21 ოქტომბერს იწყებს. მოსარჩელე მხარე „ქართული ოცნებაა“.