ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი ლიდერების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე წუხილი და იმედგაცრუება გამოხატა - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე ჩვენი გუნდის წევრების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი განიხილეს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხზე წუხილი და იმედგაცრუება გამოხატა.
„ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამაზე ისაუბრა, გამოხატა თავისი წუხილი და იმედგაცრუება იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი ლიდერები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემული. ადამიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა როცა დგება და ამ ადამიანს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, არამედ მთლიანად გუნდში იმედგაცრუებაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები არ ყოფილა და განხილვა ზოგადად შეეხებოდა ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს.
პაპუაშვილის განმარტებით, სხდომაზე შეწყალების საკითხი არ განხილულა. მან აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის კომპეტენციაა და ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.
„პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების შანსი ყველა პატიმარს აქვს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რაიმე საუბარი არ ყოფილა, მით უმეტეს, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.