საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო ჟამია, თუ ადეკვატურად არ შევაფასებთ რეალობას და არ ვიმოქმედებთ - ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“იმდენჯერ ვთქვით, რომ ძალიან ცუდად არის საქმე და რუსეთში მივდივართ, რომ თითქოს დრამატიზმი დაკარგა ამ ფრაზებმა და გაცვდა. მაგრამ მართლა საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო ჟამია, თუ ადეკვატურად არ შევაფასებთ რეალობას და არ ვიმოქმედებთ.
მას შემდეგ, რაც ლეგიტიმაციის და აღიარების ნამცეცებიც კი ვერ მოიპოვა, ივანიშვილმა დასავლეთთან ყოველგვარი კომუნიკაცია გაწყვიტა. ერთადერთი ვინც მის ქცევაზე დღეს გავლენას ახდენს რუსეთია. რუსეთს იმდენად დიდი გავლენა აქვს უკვე საქართველოში, რომ ერთგვარად ივანიშვილიც მძევალია უკვე. ვერაფერს ვერასოდეს ვეღარ გადაწყვეტს რუსეთისგან დამოუკიდებლად, საკადრო საკითხებსაც კი.
ივანიშვილს ამ მომენტში აქვს დიდი ზეწოლა რუსეთისგან, რომ იმაზე მეტად რუსული იყოს, ვიდრე აქამდე იყო. შემთხვევითი არ არის არც საქართველოს ჩაბნელება რამდენჯერმე, არც მუდმივი მოთხოვნები აფხაზეთთან და ცხინვალთან “საზღვრების დელიმიტაცია–დემარკაციაზე“ და ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებაზე, არც ქართული ღვინის შეტანის აკრძალვა.
ივანიშვილისგან ითხოვენ, ოფიციალურად და სამუდამოდ გააფორმოს აქ რუსეთის გავლენა. რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა პროდასავლურია და რუსეთი სძულს, და ნებისმიერ მომენტში შეიძლება აქ პროდასავლურმა პროტესტმა ამოხეთქოს. არ ენდობიან ივანიშვილს, რომ აქ დიდხანს შეძლებს სიტუაციის დაჭერას. ამიტომ, უახლოეს 9 თვეში საბოლოოდ უნდა მოისპოს ყველაფერი – პარტიები, მედია, ენჯეოები, ვინც ჯერ კიდევ რამეს ცდილობს, უნდა დაიჭირონ ან გაყარონ ქვეყნიდან და გარუსების ერთი ციკლი ამით დასრულდება.
ამის შემდეგ უკვე გაუსაძლისი გახდება აქ ცხოვრება და ბევრი თვითონ წავა. ვინც დარჩება, იმდენად დათრგუნული და გაუბედურებული იქნება, შეიძლება ათწლეულები ხმა ვერ ამოიღოს. ივანიშვილმა და რუსებმა ჩათვალეს, რომ ახლა კარგი დროა ამისთვის, რადგან არავის არ სცალია საქართველოსთვის. ეს ყველაფერი ხელისგულზე დევს. ძალიან ცხადია. ჯერ კიდევ არის შანსი ეს სცენარი არ შედგეს თუ ამ მომენტს ადეკვატურად შევაფასებთ და ვიმოქმედებთ. მალე გვიან იქნება”.