პოლიტიკა
    2026-10-19 | 16:55

    ეს არ არის უბრალოდ ოპოზიციური პარტიების დევნა - ეს არის საქართველოს მოქალაქის ხმის ჩახშობის და ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება - ქალი პოლიტიკოსები 

    ეს არ არის უბრალოდ ოპოზიციური პარტიების დევნა - ეს არის საქართველოს მოქალაქის ხმის ჩახშობის და ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება - ქალი პოლიტიკოსები 

    დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, საფრთხე ემუქრება არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, არამედ თითოეული მოქალაქის თავისუფალ არჩევანს და ქართულ სახელმწიფოს! - ამის შესახებ განცხადება ქალმა პოლიტიკოსებმა პარლამენტთან გააკეთეს.

    მათი თქმით, ეს არ არის უბრალოდ ოპოზიციური პარტიების დევნა - ეს არის საქართველოს მოქალაქის ხმის ჩახშობის და ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება.

    „ჩვენ, ქალი პოლიტიკოსები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ვერთიანდებით ერთი საერთო პრინციპის გარშემო: საქართველოს დემოკრატია, ევროპული მომავალი და სუვერენიტეტი არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვით, პოლიტიკურად აქტიური ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვით საქართველოს მოქალაქეებისთვის არ და ვერ მოგვარდება ქვეყანაში არსებული სიღარიბის, უმუშევრობის, კორუფციისა და მზარდი ემიგრაციის პრობლემები. სამაგიეროდ, საზოგადოებას, ფაქტობრივად, აღარ ექნება ამ პრობლემებზე ხელისუფლებისთვის პასუხის მოთხოვნისა და თავისუფალი და კონკურენტული არჩევნებით ცვლილების მიღწევის აღარანაირი ბერკეტი. უკონკურენტო გარემო ნიშნავს ხალხის სრულ უუფლებობას და უკეთესი მომავლის შესაძლებლობის დაკარგვას. საგანგაშოა, რომ ეს პროცესი, ამავდროულად, რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით საქართველოსგან ახალი დათმობების მოთხოვნის ფონზე მიმდინარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომთან და ოკუპაციასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირება საქართველოს საერთაშორისო პოზიციების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაზიანებას ემსახურება და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის არიდების საფუძველს ქმნის. დღეს დემოკრატიისა და თავისუფალი არჩევანის დაცვა აღარ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი - ეს არის დემოკრატიის და მომავალი თაობებისთვის ბრძოლა. თუ დღეს დავთმობთ თავისუფალი არჩევანის უფლებას, ხვალ საბოლოოდ დავკარგავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ჩვენი, ქალი პოლიტიკოსების პოზიცია ამ საკითხში ერთმნიშვნელოვანია - არავის აქვს უფლება, წაართვას ხალხს თავისუფალი არჩევანი და ივაჭროს საქართველოს სუვერენიტეტით. საქართველოს ევროპული მომავალი უალტერნატივოა! ჩვენ პატივს ვცემთ და ვიცავთ ხალხის არჩევანს, ვიცავთ საქართველოს!“-ნათქვამია განცხადებაში.

    განცხადებას ხელს აწერენ: რუსუდან თევზაძე, თეონა აქუბარდია, ნანა ტოხვაძე, ანა კობახიძე, მედეა მეტრეველი, თეონა ჭალიძე, მარიკა არევაძე, ნათია ლეთოდიანი, თამუნა გამყრელიძე, ხატია დეკანოიძე, ნინო კვიტაიშვილი, ანი ქავთარაძე, თინა ბოკუჩავა, თამი ჟორჟოლიანი, მარიამ კუკავა, თამარ ლალიაშვილი, სევდია უგრეხელიძე, მარი გელაშვილი, ეკატერინე მაისაია, ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი, ეკატერინე მიშველაძე, თამარ ყორღანაშვილი, ნანა მალაშხია, თათია ნიკოლაშვილი, ანი წითლიძე, ქეთევან თურაზაშვილი, აზა გაბუნია, ანა ჩიქოვანი, თინათინ ბოლოკაძე.

     

    მსგავსი სტატიები