სამართალი
    2026-10-22 | 12:39

    თამაზ ელიზბარაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

    თამაზ ელიზბარაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

    მუქარის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. თამაზ ელიზბარაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

    მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ დაამტკიცა.

    საპროცესო შეთანხმების თანახმად, ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

    ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილს ბრალი პროკურატურამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და შალვა კუჭუაშვილს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულს და მის თანმხლებ პირებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.