სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ თელავში ჩვენ გვექნება სრულიად განახლებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი თეატრალური სივრცე - მაია ბითაძე
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქალაქ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდა. მინისტრს თეატრის შენობის მდგომარეობასა და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ადგილზე გააცნეს თეატრის დირექტორმა, ზაქარია რაზმაძემ და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნანუკა ხუსკივაძემ.
დღეისათვის თეატრის შენობა, რომლის საერთო ფართობი 4703 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ავარიულ მდგომარეობაშია.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თეატრს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. შევქმნით თანამედროვე სტანდარტების თეატრალურ სივრცეს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ინვესტიცია რეგიონული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის. სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ თელავში ჩვენ გვექნება სრულიად განახლებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი თეატრალური სივრცე. ეს საშუალებას მისცემს თეატრალურ დასს, იმუშაოს სრულიად ახალ მასშტაბებში, უმასპინძლოს საერთაშორისო ფესტივალებსა და დასებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებასა და ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
კულტურის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულყოფილ კვლევას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არქიტექტურული ავთენტურობის დაცვას. მოხდება თეატრის თანამედროვე სტანდარტებთან ადაპტაცია – სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო საინჟინრო-ტექნოლოგიური სისტემების მოწყობა.
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე კახეთის მხარეში გიგა თუშიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.