პოლიტიკა
    2026-11-05 | 14:29

    ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი - „კოალიცია ცვლილებისთვის“

    ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი - „კოალიცია ცვლილებისთვის“

    გუშინ გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

    „ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ევროკომისიის მიერ საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შეფასება მხოლოდ ფორმალურად რჩება ძალაში. ივანიშვილის რეჟიმი არ ასრულებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს, რადგან მმართველი პარტია აგრძელებს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებებისათვის ძირის გამოთხრასა და სახელმწიფოს მიტაცებას.

    საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით დემოკრატიის უკუსვლისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, “ქართული ოცნება” ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას, ხოლო ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ამბობს, რომ გაფართოების პოლიტიკა ვეღარ იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ცენტრალური ხაზი.

    რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადამწყვეტ ფაზაშია. ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის ამოცანაა, საბოლოოდ მოკლას ჩვენი სამშობლოს ნორმალური განვითარების პერსპექტივა, ღირსეული, უსაფრთხო და მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყანა ჩვენი დასაცავია.

    28 ნოემბერს ათიათასობით უნდა შევიკრიბოთ და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო ქართველი ხალხისაა. ჩვენ ვწყვეტთ სად არის ჩვენი ქვეყნის ადგილი.

    საქართველო ივანიშვილის გარეშე!“- წერია განცხადებაში.

    მსგავსი სტატიები