პოლიტიკა
    2026-11-06 | 15:01

    ევრობიუროკრატებმა თავი დაანებონ ანტიქართულ რიტორიკას და გაიაზრონ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო - გიორგი გაბუნია

    ევრობიუროკრატებმა თავი დაანებონ ანტიქართულ რიტორიკას და გაიაზრონ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო - გიორგი გაბუნია

    პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტში საქართველოსთან დაკავშირებული შეფასებები, განსაკუთრებით პოლიტიკური ნაწილი, დაუსაბუთებელი და ტენდენციურია.

    მისი თქმით, მიუღებელია კრიტიკა „გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონებთან დაკავშირებით.

    „ეს კანონები არის დღეს მთავარი გარანტი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში აგენტურა იყოს შეზღუდული და გარე ჩარევები შიდა პოლიტიკაში იყოს მინიმალიზებული. ამ კანონებმა რეალურად უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში მყარი საფუძვლების განსაზღვრა, რომ გაჯანსაღდეს შიდა პოლიტიკა და მაქსიმალურად იყვნენ შებოჭილი გარე ძალაუფლებისგან დასპონსორებული პოლიტიკური აქტორები“, – განაცხადა გაბუნიამ.

    მისი შეფასებით, ევროკავშირი საქართველოს სუვერენულ უფლებას უზღუდავს, თავად განსაზღვროს, მიიღოს თუ არა ესა თუ ის კანონი.

    „ევროკავშირი პირდაპირ გვეუბნება, რომ ის ძირითადი ნიშნები, რაც სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს, რომ სუვერენიტეტის ფარგლებში მიიღოს კანონები ან არ მიიღოს კანონები, ეს უფლება შეეზღუდოს სახელმწიფოს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ გააუქმოს კანონები, რომლებიც იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და მიიღოს მათთვის სასურველი კანონები, რაც არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და ერთგვარი შუა საუკუნეების იმპერიალისტური პოლიტიკის დაბრუნების ნიშნებია“, – აღნიშნა მან.

    გაბუნიას განცხადებით, ევრობიუროკრატების მხრიდან იმის მტკიცება, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, მაგრამ არა მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ანტიქართული რიტორიკის გამოვლინებაა.

    „მნიშვნელოვანია, რომ ევრობიუროკრატებმა თავი დაანებონ ანტიქართულ რიტორიკას და გაიაზრონ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და მიუღებელია ნებისმიერი ასეთი დირექტივები დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, რომელიც პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს მოთხოვნები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქართულ კანონმდებლობას, ასევე მიმართულია ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.