სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს რეკომენდაციით მიმართა
სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების კონფიდენციალურობის დაცვისა და მათი შეუფერხებლად გატანის უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრს რეკომენდაციით მიმართა.
სახალხო დამცველის შეფასებით, ადვოკატის სამუშაო ჩანაწერები შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის, დაცვის მხარის მიერ შემუშავებულ ვერსიებს, მტკიცებულებათა შეფასებას, მოწმეების დაკითხვის დეტალებს და სასამართლო პროცესისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს. ომბუდსმენის თქმით, აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა აუცილებელია ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობისა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისთვის.
ამავე განცხადების მიხედვით, ადვოკატის პროფესიული ჩანაწერები უნდა გაიმიჯნოს პატიმრის კორესპონდენციისგან და მათზე კორესპონდენციისთვის დადგენილი წესები ავტომატურად არ უნდა გავრცელდეს.
ომბუდსმენმა პაატა სალიას მიმართა რეკომენდაციით, შეიმუშაოს/დააზუსტოს ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების შეტანისა და გატანის მკაფიო პროცედურა.
ამასთან, ჩანაწერების უსაფრთხოების მიზნით, უნდა შემოწმდეს მხოლოდ აუცილებელი და კანონით დასაშვები ღონისძიებების ფარგლებში; პროცედურებმა უნდა გამორიცხოს ჩანაწერების შინაარსის არასათანადო გაცნობის, მათი ასლების გადაღების, შენახვისა და გამჟღავნების რისკები.
„სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა შესაბამისი პროცედურები უნდა ეფუძნებოდეს კანონიერ საფუძველს და იყოს აუცილებელი და პროპორციული. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულმა ღონისძიებებმა არ უნდა შეზღუდოს ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელება“, – წერია განცხადებაში.