პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქცია „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობისთვის სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლების დამატებას ითხოვს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქცია „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლების დამატების შესახებ კანონპროექტს წარადგენს.
როგორც პარტიის დეპუტატმა სოფო ხორგუანმა განაცხადა, ინიციატივა ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში 180-ე პრიმა და 211-ე პრიმა მუხლების დამატებას, ასევე შესაბამის ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
ხორგუანის განცხადებით, ბოლო წლებში „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობამ ტრანსნაციონალური დანაშაულის სახე მიიღო, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და განსაკუთრებით მძიმე შედეგები გამოიწვია ხანდაზმული ადამიანებისთვის.
„ქოლ-ცენტრების“ საქმიანობა განსაკუთრებით ამაზრზენი და ამორალური დანაშაულია. ეს არის საქმიანობა, რომელიც ძარცვავს მოხუცებსა და ხანდაზმულებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ამ დანაშაულმა ტრანსნაციონალური ხასიათი მიიღო და ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს“, – განაცხადა ხორგუანმა.
მისივე განმარტებით, კანონპროექტის მიზანია არა მხოლოდ უშუალოდ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების, არამედ მისი ორგანიზატორების, ახალგაზრდების გადმბირებლების, ხელშემწყობებისა და მფარველების პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრაც.
დეპუტატის თქმით, ცალკე სისხლისსამართლებრივი მუხლების არსებობა ახალგაზრდებს მსგავსი საქმიანობისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს, რადგან შესაძლოა, მათ სრულად არ ჰქონდეთ გააზრებული ამ საქმიანობის დანაშაულებრივი ხასიათი.
„ჩვენ ჩვენი ახალგაზრდები უნდა გადავარჩინოთ. გადავარჩინოთ იმისგან, რომ ამ ამორალურ საქმიანობაში არ ჩაერთონ. ძალიან ბევრმა მათგანმა შეიძლება არც იცის, რომ ეს საქმიანობა არის ძალიან მძიმე დანაშაული და იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა მომავალში თავი შეიკავონ ასეთ საქმიანობაში ჩართვისგან, მნიშვნელოვანია, რომ ცალკე მუხლი არსებობდეს სისხლის სამართლის კოდექსში.
რაც მთავარია, არა მხოლოდ ამ საქმიანობაში ჩართულები, არამედ ორგანიზატორები, ისინი, ვინც გადმოიბირებენ და ჩართავენ ახალგაზრდებს ამ საქმეში, ხელშემწყობები, მფარველები, ყველანი უნდა იყვნენ სისხლის სამართლის დამნაშავეებად ცნობილი,“ - ამბობს ხორგუანი.
ხორგუანმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს და ამით დაადასტუროს, რომ რეალურად აპირებს „ქოლ-ცენტრების“ დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას.
„თუ მათ რეალურად უნდათ „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის დასრულება, მაშინ კეთილი ინებონ და მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.